რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადი ისევ გაზარდა. გადასახადი 11 იანვრიდან ტონაზე 57-დან 65 დოლარამდე გაიზარდა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, გაზაფხულამდე ფქვილსა და პურზე ფასის მატებას არ უნდა ველოდოთ.
"11 იანვრიდან მარცვლეულზე საბაჟო გადასახადი რუსეთმა გაზარდა. ეს არის ყოველკვირეული გადასახადი, ახალი ნიშნული უნდა დაწესდეს 18 იანვრიდან და ტენდენციაზე საუბარი ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მოსკოვის ბირჟებზეც გაიმართება ვაჭრობა.
აქამდე, შობა-ახალი წლის დღეების გამო ბირჟებზე ვაჭრობა არ იყო და ძველი ნიშნული დაფიქსირდა, თუმცა რადგან გადასახადის ანგარიში ხდება რუბლზე და მერე გადადის დოლარზე, რუბლის გაუფასურებამ გამოიწვია დაახლოებით 8 დოლარით ბაჟის ზრდა.
13 იანვარს გამოდის აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში მარცვლეულის ბალანსების შესახებ და ესეც იმოქმედებს ბაზარზე.
ამ შემთხვევაში, ჩვენთან გადაცემის ეფექტი ცხადია იქნება, მაგრამ ველოდებით შემდეგ კვირას. მოლოდინია, რომ დიდი მატება არ უნდა იყოს, რადგან რუსეთს ხორბლის დიდი მოსავალი აქვს. ჩვენ კი ამ შემთხვევაში გვაქვს ხორბლის გარდამავალი მარაგები და მარტამდე მაინც არ უნდა გვქონდეს პრობლემა ხორბლის და პურის ფასზე. ახალი წლის წინ საბაჟო გადასახადი საკმაოდ დაწეული იყო და 40 დოლარს შეადგენდა. სწორედ ამ დროს მოახერხეს კომბინატებმა მარაგების შევსება", - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს" ლევან სილაგავამ.
მისივე თქმით, მარტში მსოფლიო ბაზარზე ახალი ანალიზი გაკეთდება ძირითადად ორი ფაქტორიდან გამომდინარე.
,,მარტი ყოველთვის არის ახალი ანალიზის თვე. მთელს მსოფლიოში ასეა და ასეა ჩვენთან რეგიონულადაც. შეფასდება რუსეთში, უკრაინაში და ყაზახეთში როგორ გადაიტანა ნათესებმა ზამთარი. ამ ბალანსზე დიდად იქნება დამოკიდებული მოვლენების განვითარება.
მეორე ფაქტორია, რომ მარტში მთავრდება უკრაინული ხორბლის დერეფნის ვადა და შესაბამისად, აქ პოლიტიკური ფაქტორი შემოდის, გაგრძელდება თუ არა კიდევ ერთხელ უკრაინული ხორბლის ექსპორტი" - ამბობს სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან".
2022 წლის 22 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ტონაზე 4.160,9 რუბლს შეადგენს, ქერზე - 3.420,4 რუბლს, სიმინდზე - 692,6 რუბლს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
2023 წლის 11-დან 17 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ტონაზე 4.766,3 რუბლს შეადგენს, ქერზე - 3.870,6 რუბლს, სიმინდზე - 1.289,4 რუბლს.
შეგახსენებთ, 2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა, ხოლო ფქვილზე ნულოვანი დარჩა.