სკანდალი ინდურ ფარმაციაში, გარდაცვლილები და წამლების იმპორტი საქართველოში

2022 წლის ივლისი-ოქტომბრის შუალედში დასავლეთ აფრიკაში, გამბიაში 70 ბავშვი დაიღუპა თირკმლის უკმარისობით. დეკემბერში თირკმლის პრობლემებითა და რესპირატორული დაავადებებით 18 ადამიანი გარდაიცვალა უზბეკეთში. ორივე შემთხვევაში, სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენლები მიზეზად ინდოეთში დამზადებულ ხველის სამკურნალო სიროფებს ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი ავრცელებს.

კავშირი ინდურ მედიკამენტებსა და გარდაცვალებებს შორის

უზბეკეთის შემთხვევაში, დამამზადებელ „მარიონ ბიოტექს“ საქმიანობა შეუჩერა „ფარმექსილმა“, მთავრობასთან დაკავშირებულმა ინდურმა სავაჭრო ჯგუფმა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტში. ფირმის ვებსაიტი ამჟამად გათიშულია.

რაც შეეხება გამბიაში გამოყენებულ პრეპარატებს, მწარმოებელი „მაიდენ ფარმაა“, რომლის აღმასრულებელმაც ინდურ მედიას განუცხადა, რომ კომპანია შოკირებული და დამწუხრებული იყო გარდაცვალების შემთხვევებით. მოგვიანებით, კომპანიამ საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე დაწერა, რომ წამლების ინდურმა სამთავრობო კვლევითმა ლაბორატორიამ სიროფში პრობლემები ვერ აღმოაჩინა. თუმცა, ამან გამბიელი პარლამენტარები ვერ დაარწმუნა და გამოძიების დაწყებაც მოითხოვეს.

ორივე კომპანია მცირე ზომისაა და კერძო საკუთრებაშია. კავშირი მათ პროდუქციასა და გარდაცვალებებს შორის დადასტურებული არაა. ლაბორატორიულმა გამოკვლევამ „მაიდენს“ ბრალდებები აარიდა, „მარიონის“ წინააღმდეგ გამოძიება კი მხოლოდ ახლა დაიწყო. მიუხედავად ამისა, ინციდენტები მთავარ ნერვს შეეხო მსხვილი ინდური ფარმაცევტული ინდუსტრიისა, რომელშიც 10 000-მდე ფირმას 3 000-მდე კომპანია ამუშავებს, აწარმოებს 50 მილიარდი დოლარის მედიკამენტებს წლიურად და ღირებულების მიხედვით, მსოფლიოს გენერიკული მედიკამენტების 20%-ს, აშშ-ს კი სულაც 40%-ს აწვდის.

ინდური ფარმაციისთვის სკანდალი ახალი არაა. 2022 წელს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გააფრთხილა 4 მსხვილი ინდური იმპორტიორი კომპანია. ამგვარი გაფრთხილებები, რომლებიც, ძირითადად, უცხოური კომპანიების გამოძიებებს ეყრდნობა, პირველი ეტაპია აშშ-ში ექსპორტის აკრძალვისთვის ფიზიკური მტკიცებულების გარეშე.

ეჭვები კანონის გვერდის ავლასა და ხარისხის კონტროლის დაბალ დონესთან დაკავშირებით მთავარი გვერდითი ეფექტია იმ დაბალი ფასებისა, რომლის საშუალებითაც ინდოეთში ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ახალ წიგნში, „სიმართლის აბი: მედიკამენტების რეგულაციის მითი ინდოეთში“, ინდური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყოფილი აღმასრულებელი დინეშ სინგ ტაკური და ადვოკატი პრაშანტ რედი ადასტურებენ სულ მცირე 5 შემთხვევას 1970 წლის შემდეგ, როდესაც ჯანმრთელობისთვის საშიშმა მედიკამენტებმა ბაზარზე შეაღწიეს და თითოეულმა მათგანმა ფატალური შედეგები გამოიწვია.

ავტორების თანახმად, წარმოების მიშვებული მეთოდების გამო ხშირია არაეფექტური მედიკამენტებიც, თუმცა კომპლექსურ და გაუმჭვირვალე საგამოძიებო რეჟიმს პრობლემები სააშკარაოზე არ გამოაქვს. უმეტესად, ამგვარ კრიტიკას ყურადღებას არ აქცევენ ან მთავრობა მუქარით პასუხობს ადგილობრივი ინდუსტრიის რეპუტაციის შელახვისთვის.

პრაშანტ რედის თანახმად, ტრაგედიებთან დაკავშირებით მთავრობის პასუხი ლეთარგიულია და არ მიმდინარეობს დეტალური საჯარო გამოძიება მიწოდების ჯაჭვებისა. ოფიციალური უწყებების მიერ დასკვნის სწრაფად გაკეთების იმედს კი არც ისტორია გვაძლევს. ერთ-ერთ შემთხვევაზე, რომელმაც მუმბაიში 14 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია 1988 წელს, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი კი რისკის ქვეშ აყენებს კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს და აზარალებს ინდოელ მწარმოებლებსაც, რომლებიც აბსოლუტურად მომხმარებლებზე არიან დამოკიდებულნი.

ინდური ფარმაცია საქართველოში

შემოდის თუ არა საქართველოში ინდური მედიკამენტები და აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო მათ ხარისხს? ბუნებრივია, ამგვარი ინციდენტები აჩენს კითხვებს და საფრთხეებს საქართველოს მოსახლეობისთვისაც, რომელთა განხილვაც აუცილებლობას წარმოადგენს.

2022 წლის 11 თვეში საქართველოში თითქმის 431 მლნ აშშ დოლარის ფარმაცევტული პროდუქცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 468.9 მლნ-ს 8.1%-ით ჩამორჩება.

ბაზარი დივერსიფიცირებულია. გასულ წელს 5 უმსხვილესი მიმწოდებელი ჩვენი ქვეყნისთვის თურქეთი, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი იყო. მათ შემდეგ, მეექვსე ადგილზე კი სწორედ ინდოეთია, საიდანაც 2022 წლის თერთმეტ თვეში 21 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. ინდოეთის შემდეგ ათეულის ბოლო ადგილებზე რუსეთი, უკრაინა, ბელგია და სლოვენია არიან.

ინდოეთიდან ფარმაცევტული ნაწარმის იმპორტი 2009 წლიდან იწყებს მკვეთრ ზრდას და გასულ წელს მთლიან იმპორტში მისმა წილმა თითქმის 5% შეადგინა. წლიურ ჭრილში, რეკორდულ დონეს 2021 წელს მიაღწია, თუმცა, გამორიცხული არაა, 2022 წლის ბოლო თვის მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, რეკორდული სწორედ გასული წელი იყოს.

a-1673507827.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ინდური წამლების წილი მთლიან იმპორტში კოლოსალური არაა, რისკები არსებობს და ცხადია, ხარისხის შემოწმების, კონტროლის საკითხი მნიშვნელოვანია. ეს ეხება არა მარტო ინდოეთს, არამედ სხვა ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქციასაც.

ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტმა, ვატო სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში წამლების რეალური ქიმიურ შემადგენლობას არ ამოწმებენ და არც ლაბორატორია არსებობს, რომელიც უშუალოდ ამ საკითხზე და გამოკვლევაზე იქნება ორიენტირებული.

„თუ მედიკამენტები ერთნაირია, ხარისხი და მოქმედება იგივეა, რატომ ღირს ერთი უფრო ძვირი და მეორე უფრო იაფი? რატომ ვირჩევთ მედიკამენტებს, რომლებიც სერტიფიცირებულია ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, იაპონიაში და ასე შემდეგ?

ხარისხში სხვაობა რეალურია, თუმცა ჩვენ წამლების რეალურ ქიმიურ შემადგენლობას ვერ ვამოწმებთ და ამის გაგება მხოლოდ დოკუმენტებიდანაა შესაძლებელი. ევროპაში არ არსებობს ფრაზა „ხარისხიანი მედიკამენტი“, რადგან იქ ყველა მათგანი გადის სერიოზულ, რამდენიმეწლიან შემოწმებას სანამ ბაზარზე მოხვდება და გაყიდვა დაიწყება“, - ამბობს სურგულაძე.

საქართველოს მთავრობამ წამლის ხარისხის შემსწავლელი ლაბორატორიის გახსნას მმართველობის მეთერთმეტე წელსაც ვერ მოაბა თავი. ჯანდაცვის სამინისტროსა და ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, წამლის პირველი ლაბორატორია 2022 წლის ბოლომდე უნდა გახსნილიყო, სადაც, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და კონტროლი უნდა დაწყებულიყო, რასაც მნიშვნელოვნად უნდა გაეუმჯობესებინა ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხი.

კითხვით, დამთავრდა თუ არა სამუშაოები ლაბორატორიის გასამართად, „ბიზნესპრესნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ დაწესებულება ჯერ არ გახსნილა, თუმცა თითქმის ყველაფერი მზადაა და წლის დასაწყისში დაიწყებს ფუნქციონირებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტი 2022 წლის პირველი იანვრიდან გახდა სავალდებულო. გასული წლის 17 იანვრიდან კი საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ცვლილების შედეგად, ის თურქული თუ არათურქული წარმოების ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად აღიარებულია.

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების მაქსიმალურ ზღვარსაც დაადგენს და დაწესებულ ფასის ჭერზე ძვირად წამლების რეალიზაცია აიკრძალება. რეფერენტული ფასები 2023 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

კახი ჩაკვეტაძე