ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში 4.9 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 185%-ით მეტია.
რაც შეეხება დანახარჯებს, გასული წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორებმა ქვეყანაში 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 2021 წელთან შედარებით 182%-ით მეტი იყო. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ გენერირებული შემოსავალი მაქსიმალური 2019 წელს იყო და ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ტურიზმის შემოსავლის მატება სავარაუდოდ, თავად ამ სექტორის აღდგენასთან ერთად, რუსეთიდან შემოსულ მიგრაციულ ტალღას უკავშირდება, რადგანაც ეროვნული ბანკის მონაცემებით 2022-ში ტურიზმის სფერომ ყველაზე დიდი შემოსავალი - 891 მილიონი დოლარი სწორედ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო. ყველაზე მეტი - 1 მილიონი ვიზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა განახორციელეს. 726 ათასი ვიზიტით მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამეს კი სომხეთი იკავებს - 666 ათასი ვიზიტორით.