ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
საქართველოში ტყის სოკოს ონლაინ მაღაზია გაიხსნა - რა ღირს პროდუქტი

ქართველი მომხმარებლებისთვის ტყის სოკოს ონლაინ მაღაზია, boletto.ge გაიხსნა. ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.

Boletto კომპანია Georgian Freeze Tea-ს ერთ-ერთი ბრენდია, რომლის დამფუძნებელიც, თავის მხრივ, კომპანია Caucasan-ია.

Caucasan მრავალი წელია, სამკურნალო და სუნელ-სანელებელი მცენარეების, ტყის სოკოებისა და ველური კენკრის შეგროვებას, გადამუშავებასა და ექსპორტს ეწევა. კომპანიის სამკურნალო მცენარეებისა და ველური კენკრის საექსპორტო ბაზრის გეოგრაფია ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას მოიცავს.

Freeze Tea-ს ცნობით, ტყის სოკო ონლაინ მაღაზიაში მთელი წლის განმავლობაში გაიყიდება, სადაც სეზონზე ახალი, დანარჩენ დროს კი, ძირითადად, შოკური გაყინვით დამუშავებული პროდუქტის სახით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ასორტიმენტში შედის საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული ნიყვი, ანუ „კეისრის სოკო“ (Caesar’s Mushroom), „დათვის სოკო“ (Boletus edulis) და „მელისყურა“ (Cantharellus - cibarius), რომლებიც მთლიანი ან კუბებად დაჭრილი და გაყინული სახით იყიდება. ასევე, წარმოდგენილია ხმელი „საჭმელი ხარისფაშვა“ (Morchella esculenta).

ონლაინ მაღაზიაში ტყის სოკოს ფასები კილოგრამზე 40-დან 160 ლარამდე (15,1-დან 60,4 დოლარამდე) მერყეობს. მაღალ ფასში უფრო ხმელი „ხარისფაშვა“ იყიდება, ხოლო 40 ლარიდან კუბებად დაჭრილი „დათვის სოკოს“ ღირებულება იწყება.

EastFruit-ის ცნობით, პროდუქცია ხარაგაულის რაიონში მდებარე საწარმოში იწარმოება, რომელიც შოკური გაყინვის ბლოკით არის აღჭურვილი. სოკო, ძირითადად, მთიან რაიონებში, გზებისა და დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით მდებარე ეკოლოგიურად სუფთა ტყეებში გროვდება. სოკოს შეგროვება-გადამუშავებაზე სპეციალურად მომზადებული პერსონალი არის დასაქმებული. საწარმოში სოკო შეგროვების პუნქტებიდან გადააქვთ.

კომპანია Freeze Tea-ში აცხადებენ, რომ ტყის სოკოს წარმოების განვითარებასთან ერთად, პარტნიორ რესტორნებში „ტყის სოკოს საღამოები,“ ხოლო სეზონზე სოკოს ტურები მოეწყობა.

სამომავლოდ კომპანია ტყის სოკოზე ორგანული სერტიფიკატის მოპოვებას გეგმავს.

ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტი პირველად 2021 წელს, სატესტო რეჟიმში გამოჩნდა, როცა კომპანიამ ორი სახეობის ტყის სოკო სეზონზე ახალი, დანარჩენ პერიოდში კი გაყინული სახით წარადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ