2023 წელს მარცვლეულის გლობალური ბაზრისთვის საფრთხე არამარტო გეოპოლიტიკური დაძაბულობა უკრაინის გარშემო, არამედ კლიმატის ცვლილებაც შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ სასუქებისა და მარცვლეულის ფასები მკვეთრად დაეცა 2022 წლის პიკის შემდეგ, მარცვლეულის გლობალური ბაზარი საფრთხის ქვეშ რჩება არა მხოლოდ კლიმატის ცვლილების გამო - იუწყება Financial Times-ი ექსპერტებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით. სამი წლის ზედიზედ არახელსაყრელი ლა ნინიას (წყნარი ოკეანის გაგრილება) ამინდის პირობების შემდეგ, მეტეოროლოგები აფრთხილებენ წელს საპირისპირო ფენომენის, ელ-ნინოს მზარდი ალბათობის შესახებ, რომელიც დათბობის ეფექტს იწვევს.
ელ-ნინიოს გაძლიერება საფრთხეს უქმნის გლობალური ტემპერატურის რეკორდულ დონემდე მატებას და შესაძლოა, გამოიწვიოს გვალვა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ავსტრალიაში, ხოლო წყალდიდობა ლათინურ ამერიკაში, მათ შორის ბრაზილიასა და არგენტინაში.
„ჩვენ გვქონდა ზედიზედ სამი ძლიერი ლა ნინია, რაც თავისთავად უპრეცედენტოა. მაგრამ პოტენციურმა ელ ნინომ მომდევნო კვარტალში შეიძლება დაარღვიოს მსოფლიოს ამინდი“, - განუცხადა გაზეთს კონა ჰაკმა, სასაქონლო ვაჭრობის EDF Man-ის კვლევის ხელმძღვანელმა. "აზია სულ უფრო მშრალი ხდება. გადაჭარბებული ნალექი კი შესაძლოა, სამხრეთ ამერიკაში მოვიდეს“, - თქვა მან.
IFPRI Think Tank-ის სასურსათო უსაფრთხოების უფროსმა თანამშრომელმა და USDA-ს ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა, ჯოზეფ გლაუბერმა განაცხადა, რომ გლობალური მარცვლეულის მარაგი რჩება დაბალი, ხოლო ფასები - არასტაბილური.
შარშანდელმა "მარცვლეულის გარიგებამ" მოსკოვსა და კიევს შორის გადამწყვეტი როლი ითამაშა ფასების შემცირებაში, ამბობენ ანალიტიკოსები. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ეს შეიძლება შეფერხდეს, ენერგიის არასტაბილური ფასებით და კლიმატის ცვლილებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოსავლის წარმოებას.
მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის უფროსმა, ეკონომისტმა ჯონ ბაფესმა გლობალური მარცვლეულის ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეადარა „ერთ ძრავზე ფრენას“: „სანამ ეს ძრავა მუშაობს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ ძრავა გაჩერდება, პრობლემები შეგექმნებათ“.