დღეს 2023 წლის 15 თებერვალია და ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ განხორციელებულიყო, საქართველოში ანაკლიის პორტის, იგივე „საუკუნის პროექტის“ მშენებლობის პირველი რამდენიმე ფაზა უკვე დასრულებული უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა ანაკლიის პორტში უკვე უნდა შემოდიოდნენ გემები, განთავსებული უნდა იყოს თანამედროვე ტიპის საკონტეინერო ტერმინალი, დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, პორტის გამტარუნარიანობა უკვე უნდა აღწევდეს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში, უკვე უნდა იყოს დასაქმებული დაახლოებით 2500 ადამიანი და დაწყებული უნდა იყოს ქალაქ ანაკლიის მშენებლობა. ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, დიდ კორპორაციებს დაწყებული უნდა ჰქონდეთ წარმოების ჩვენს ქვეყანაში გადმოტანაზე ზრუნვა. არ შევდივართ იმის განხილვაში, თუ რატომ ვერ განხორციელდა პროექტი თავდაპირველი გეგმის მიხედვით და რა დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ, ახლა ამაზე დასაკარგი დრო არ გვაქვს. თუმცა, ბევრი დრო, ძალისხმევა და ენერგია უნდა ჩავდოთ ამ პროექტის რეალობად ქცევაში, რადგან კარგად გვესმის, რომ დიდი ეკონომიკური პერსპექტივის გარდა, ანაკლია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გარანტია! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნის მთავარ დოკუმენტში - კონსტიტუციაში, შავით თეთრზე წერია, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად. ანაკლია უნდა აშენდეს!
ბატონო პრემიერო, მისასალმებელია, რომ მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე თქვენ განაცხადეთ: მიმდინარე წელს, სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. როგორც მანამდე გახდა ცნობილი, პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო დანარჩენზე კი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება და სწორედ ასე შეირჩევა სახელმწიფოს კერძო პარტნიორი ამ პროექტში. სახელმწიფო კი ჩვენ ვართ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე! შესაბამისად, იმაზე უკეთეს, ერთგულ და ქვეყანაზე თავდადებულ პარტნიორს, ვიდრე თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, სახელმწიფო ამ პროექტისთვის ვერ იპოვის!
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე და მათი სრული ინფორმირება. ეს დრომ და გამოცდილებამაც გვაჩვენა. ანაკლიის სახალხო პროექტად ქცევის ერთ-ერთი საშუალება კი შეიძლება გახდეს აქციების ემისია, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თითოეული აქციისა თუ მისი გარკვეული წილის შეძენის შესაძლებლობა, ნომინალურ ფასად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და იქნებ, იურიდიულ პირსაც ექნება. აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალით კი, თან ისე, რომ ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება, სახელმწიფო, მოსახლეობასთან ერთად დაიწყებს და ბოლომდე მიიყვანს პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატების კარიბჭე გახდება. მაგალითად, პირველ ეტაპზე საჭიროა 500 მილიონი ლარი, გამოდის ბაზარზე 1 მილიონი აქცია, თითოეულის ფასია 500 ლარი, რასაც ყიდულობენ ჩვენი ფიზიკური თუ იურიდიული პირები. პროექტის დასაწყებად აუცილებელი თანხა მობილიზებულია.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ყოველ ეტაპზე, მისი აქციების ღირებულება სავარაუდოდ, მხოლოდ გაიზრდება და შემდეგ თავად აქციონერებმა გადაწყვიტონ, გაასხვისებენ მათ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებს, თუ ამ ქონების გარკვეული წილის მესაკუთრეებად დარჩებიან. ასეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის პროექტის მმართველობითი ორგანოც სრული კონსესუსის საფუძველზე უნდა იქნას არჩეული და დაკომპლექტებული ისეთი ადამიანებით, ვის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას ხალხიცა და რა თქმა უნდა, მთავრობაც სრულ ნდობას გამოუცხადებს. ამ მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტი საჭიროებს საზოგადოების მაქსიმალურ კონსოლიდაციას და გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს. ამიტომ ჩვენ, მოქალაქეები, ხელისუფლებას გთავაზობთ თანამშრომლობას „საუკუნის პროექტის“ მშენებლობაში, რომელიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, შექმნის დამატებით დოვლათს, გააჩენს სტიმულს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის, საფუძველს დაუდებს საფონდო ბაზრის განვითარებას. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ანაკლიის პორტის არსებობა უაღრესად მიმზიდველი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და პოზიტიური ნაბიჯი გახდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული აღდგენის ამ საკმაოდ რთულ გზაზე.
ბატონო პრემიერო, მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის მომავლის პროექტში, რადგან ამ პროექტს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების ბედს განსაზღვრავს! ამით ანაკლიის პროექტი, საერთო სახალხო პროექტად იქცევა. სწორედ ეს იქნება იმ ინკლუზიურობის, უპრეცედენტო ჩართულობის მაგალითი, რაც ყველა განვითარებული ქვეყნის წარმატების საფუძველია, სადაც თითოეულ მოქალაქეს გააზრებული აქვს, რომ სწორედ ის არის სახელმწიფო!