"ჩვენს სექტორში ხელფასი იმდენადაა გაზრდილი, რომ რამდენიმე თვეში ქვეყანაში გასტარბაიტერები შემოვლენ", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა და ქვეყანაში არსებულ კადრების დეფიციტის პრობლემასა თუ მისი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.
"გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში შემოვლენ ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში დაბალი ხელფასიდან გამომდინარე აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ვითარდება, აქვს კადრების დეფიციტი. შესაბამისად, შევსება უფრო დაბალანაზღაურებადი ქვეყნებიდან კადრების მოზიდვით უნდა მოხდეს.
ეს პრობლემა დღეს ამერიკასა და ევროპასაც გააჩნია, ამიტომაც არის, რომ ლეგალურად თუ არალეგალურად, ამერიკა უშვებს ადამიანების შესვლას მექსიკის საზღვრის გავლით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში შეუძლია ჩაკეტოს საზღვარი. ჩვენთანაც სახელმწიფომ კადრების მოზიდვა სხვადასხვა ქვეყნებიდან უნდა მოახერხოს ბიზნესთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ვერ გადაიჭრება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ჰორეკა სექტორში ხელფასები 50%-დან 200%-მდეა გაზრდილი - დამლაგებლის ხელფასი დღეს მინიმუმ 1,000 ლარს შეადგენს, ხოლო მიმტანების, ჰოსტესების, მენეჯერებისა თუ თუ მზარეულების საშუალო ანაზღაურება 1,500 ლარს აღემატება.
ცნობისთვის, მთავრობა ამცირებს იმ სპეციფიკური დარგების სიას, რომელთაც შეეძლოთ კვირაში 48-საათიანი სამუშაო გრაფიკით ემუშავათ. ცვლილება ეხება მშენებლობის, ტექსტილის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოების, ქაღალდის მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესების მფლობელებს და ისინი 40-საათიან რეჟიმზე უნდა გადაეწყონ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, ეს ის დარგებია, სადაც დასაქმებულები ყველაზე დაბალ ანაზღაურებას იღებენ, ხოლო ცვლილება გააუმჯობესებს შრომით პირობებს და ხელს შეუწყობს ახალი კადრების დასაქმებას. თუმცა, ბიზნესის ნაწილი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ცვლილება პირიქით, ხარჯებს გაზრდის და დასაქმებას შეაფერხებს, ხოლო პროფკავშირები სპეციფიკური დარგების სიის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ.