"არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს," - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მანვე მინისტრებს მიმართა და მოუწოდა, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოწიონ.
პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, საქართველოში დიზელის სიძვირეზე საუბრობს უკვე სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრიც. მათი განცხადებით, საქართველოში დიზელის სიძვირის გამო, ქართველი გადამზიდავებისთვის ადგილობრივ გასამართ სადგურებში ავზების შევსება არარენტაბელურია და ისინი საწვავს მეზობელ ქვეყნებში ასხამენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს საწვავი საქართველოსა და ჩვენ სამეზობლოში. Globalpetrolprices.com-ზე დაყრდნობით გთავაზობთ თებერვლის მონაცემებს.
Globalpetrolprices-ის თანახმად, რეგიონში ყველაზე იაფი საწვავი აზერბაიჯანშია, სადაც 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი თებერვალში 0.59 დოლარია (1.56 ლარი), დიზელი კი 0.47 დოლარი (1.25 ლარი) ღირს.
აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთი მოდის. რუსეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0.70 დოლარია (1.86 ლარი), დიზელის - 0.79 დოლარი (2.10 ლარი).
სომხეთში რეგულარის ტიპის ბენზინი საშუალოდ 0.85 დოლარი (2.20 - 2.22 ლარი) ღირს, დიზელის საშუალო ფასი კი 1.30 დოლარია (3.44 ლარი).
თურქეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ღირებულება 1.11 დოლარს აღწევს (2.94 ლარი), დიზელის კი 1.13 დოლარს (2.99 ლარი).
რაც შეეხება საქართველოს, Globalpetrolprices-ის მიხედვით, 13 თებერვლისთვის ბენზინის საშუალო ფასი 1.09 დოლარია (2.88 ლარი), დიზელის კი - 1.39 დოლარი (3.70 ლარი).