აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“ დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, ხორციელდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით.
აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 7,4 მლნ ევროს. პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმი აერთიანებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისს, ორგანიზაცია HessenForst-ს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა და აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის დაწყება დაეხმარება აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ტყის მოვლა-შენახვისა და აღდგენის მხრივ.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც მოხდება როგორც აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, ასევე, ტყის რესურსების და მთლიანად სატყეო ფონდის აღდგენა, კონსერვაცია“,- განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სრულყოფილ ორგანოდ გარდაქმნას, რომელიც განახორციელებს ტყის მდგრადი მართვის სრულ ციკლს, მათ შორის ტყის მოვლა-აღდგენას, კონსერვაციული ღონისძიებების დანერგვას, კლიმატური ცვლილებების მიმართ ტყის მდგრადობის გაძლიერებას, ტყით სარგებლობასა და საშეშე-სამასალე მერქნით მოსახლეობის უზრუნველყოფას.
პროექტის წარდგენის ღონისძიებას უმაღესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი KfW-ს რეგიონული ოფისის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, WWF კავკასიის პროგრამა ოფისის რეგიონალური დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.