2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.1 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 42.9 ათასი კაცით (5.1%) და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 18 ათასით გაიზარდა (4.5%) და 420.4 ათასი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 42.3 ათასით (14.5%) და 249.5 ათასი შეადგინა.
„2022 წლის მე-4 კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.3 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.8 პროცენტს და 42.1 პროცენტს შეადგენს.
2022 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 67.8 პროცენტი შეადგინა.
2022 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია, შესაბამისად 3.7 და 1.9 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის მე-4 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.8 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის მე-4 კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.7 პროცენტს, ხოლო კაცებში 64 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.9 პროცენტული პუნქტით.
2022 წლის მე-4 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.9 და 2.5 პროცენტული პუნქტით,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.