საერთოდ, დამატებითი გადასახადის გარეშე შეუძლიათ ადგილობრივ მეწარმეებს ჩვენს ქსელებში პროდუქციის განთავსება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ქსელური სუპერმარკეტების (რითეილერები) ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა განუცხადა. ის ამით პრემიერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ ევროდირექტივის შესაბამისად უნდა მოამზადოს.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის დავალებით, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტს მოამზადებს.
სოფიო ქაშაკაშვილის თქმით, ევროდირექტივა, მხოლოდ ადგილობრივ სოფლის მეურნეობის წარმოების პროდუქციას ეხება.
„კანონპროექტი, რომლის შესახებაც პრემიერმა ისაუბრა, დამუშავების პროცესშია. ეს მუშავდება ევროდირექტივის საფუძველზე. კონკრეტულად, სათაურშივე წერია, რომ ემსახურება ფერმერების და ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას და დაცვას. ამას ჩვენი სექტორი მიესალმება და განმარტავს, რომ ევროდირექტივა მხოლოდ კეთილ მიზნებს ემსახურება, რითეილ სექტორის მიზნებში კი, ნამდვილად შედის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და ჩვენ არაერთი კამპანია წამოვიწყეთ გასულ წელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.
საერთოდ, დამატებითი გადასახადის გარეშე შეუძლიათ ადგილობრივ მეწარმეებს ჩვენს ქსელებში პროდუქციის განთავსება. არ ვიცი, როგორ მოახდენს კანონის ფორმირებას ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა ევროდირექტივა ზემოთ აღნიშნულ ასპექტებს ეხება. დანარჩენი კი, საჯარო განხილვის პროცესში გამოჩნდება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ქაშაკაშვილმა.