ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის გაყვანას განაგრძობს, რომელიც ქვეყანას აზერბაიჯანს დააკავშირებს. ამის შესახებ „ყაზახტელეკომის“ გამგეობის თავმჯდომარე კუანიშბეკ ესეკეევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სტაბილური 5G კავშირის შექმნის საკითხი. „ყაზახტელეკომი“ 7000-მდე ანძის აშენებას გეგმავს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 5G კავშირს უზრუნველყოფს. აქედან 486 ანძა ექსპლუატაციაში 2023 წელსვე შევა, რომლებიც შიმკენტში, ასტანასა და ალმათში განთავსდება.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი საზღვაო კაბელის პროექტს ყაზახური მხარე, „ციფრული აბრეშუმის გზის“ ფარგლებში, „აზერტელეკომთან“ ერთად ახორციელებს. „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტი ევროპასა და აზიას შორის ციფრული სატელეკომუნიკაციო დერეფნის ფორმირებას ითვალისწინებს. აზერბაიჯანისა და ყაზახეთის წამყვანმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა, „აზერტელეკომმა“ და „ყაზახტელეკომმა“ თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმებას მიმდინარე წლის იანვარში მოაწერეს ხელი.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვით ადრე, გასული წლის დეკემბერში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიწვევით, Global Gateway Board-ის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს. Global Gateway-ის ძირითადი ინვესტიცია პირველი წლის განმავლობაში ციფრული კავშირის გასაძლიერებლად ევროკავშირსა და მის პარტნიორებს შორის წყალქვეშა საკაბელო და ხმელეთზე დაკავშირების პროექტებში განხორციელდა.
კერძოდ, ციფრულ სექტორში 7 100 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა კაბელი Medusa 342 მლნ ევროს მთლიან ინვესტიციასა და ევროკავშირის 40 მლნ ევროს გრანტს ითვალისწინებს. Medusa-ს კაბელმა ალჟირი, ეგვიპტე, მაროკო და ტუნისი, ასევე, კვიპროსი, საფრანგეთი და იტალია და პორტუგალია-ესპანეთი ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს. ამასთან, ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის აუზში წყალქვეშა და სახმელეთო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, BELLA გაფართოვდება და პანამაში დედამიწის დაკვირვების ცენტრები მოეწყობა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ