საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ბანკი ქართუ“ 64 000 ლარით 15 თებერვალს დააჯარიმა.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რეგულატორმა „ქართუ“ 6 სხვადასხვა მიზეზით დააჯარიმა:
- 3 კლიენტთან მიმართებით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის“ შეფასების კუთხით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭების/გადაფასების განხორციელების გამო;
- 1 პირთან მიმართებით კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
- 2 კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის არასაკმარისად განხორციელების გამო;
- 1 კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის გამო;
- ოთხ შემთხვევაში „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის გამო;
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად/ვადაგადაცილებით წარმოდგენის 3 შემთხვევის გამო.
რეგულატორმა მიმდინარე წელს ასევე დააჯარიმა „ტერა ბანკი“, 2022 წელს კი შვიდი კომერციული ბანკი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები;