უკვე 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-მ ChatGPT წარადგინა. პლატფორმამ ჩვენს ყოველდღიურობაზე მრავალმხრივი გავლენა იქონია, იქნება ეს განათლების სისტემა, სამუშაო ბაზარი თუ სხვა.
ახლა კი ახალი და გაუმჯობესებული ვერსიის, ChatGPT4-ის დროც დადგა. რა არის, რამდენად ძლიერია და რაში შეგვეძლება მისი გამოყენება? ვეცდებით, ამ კითხვას პასუხი სტატიაში გავცეთ.
GPT4 (generative pretrained transformer 4) იშიფრება, როგორც წინასწარ მომზადებული გენერაციული გარდამქმნელი. OpenAI-ის სისტემა აანალიზებს ინტერნეტ სივრცეში გაბნეულ ვრცელ ინფორმაციას, რათა დეტალური პასუხი გასცეს მომხმარებლების კითხვებს.
ვისაც აქამდე ChatGPT გამოუყენებია, ეცოდინება მისი შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ. მას ხშირად აკრიტიკებენ არაზუსტი პასუხების გაცემისთვის, თუმცა, როგორც შემქმნელები ამბობენ, ახალი ვერსია ბევრად უფრო უსაფრთხო, ზუსტი, კრეატიული იქნება და 40%-ით უფრო მეტად შეეძლება ფაქტებზე დაფუძნებული პასუხების გაცემა.
მთავარი სიახლე, რაც ახალ სისტემას წინამორბედისგან განასხვავებს, არის ის, რომ მას შეეძლება არა მარტო სიტყვებს გაუმკლავდეს, არამედ სურათებსაც. ამას მულტიმოდალური (კომბინირებული) ტექნოლოგია ეწოდება. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ტექსტს სურათიც დაურთონ თან, GPT4 კი მას გააანალიზებს და შესაბამის პასუხს შემოგთავაზებთ. სამომავლოდ არა მარტო სურათის, არამედ ვიდეოს ჩასმაც იქნება შესაძლებელი.
მის უმთავრეს შეზღუდვას კი, წინა ვერსიის მსგავსად, წარმოადგენს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხის გაცემა, რადგან ის 2021 წლამდე არსებულ ინფორმაციას იყენებს.
ამჟამად, ახალი ვერსია მხოლოდ გამომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი და მისი ღირებულება თვეში 20 დოლარს შეადგენს. მომავალში კი მისი გამოყენება Microsoft-ის საძიებო სისტემაში, Bing-ში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის ზრდასთან ერთად ტექნოლოგიური გიგანტები სულ მეტ თანხას ხარჯავენ ახალი და საკუთარი სისტემების შესაქმნელად. Microsoft-მა OpenAI-ში უკვე ჩადო 10 მილიარდის ინვესტიცია, Alphabet-ის Google-მა კი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის სერვისი, Bard ჩაუშვა. ამ ტენდენციას სხვა ნაკლებად ცნობილი კომპანიებიც უერთდებიან, ასე რომ, სამომავლოდ ამ სფეროში კონკურენციის საგრძნობლად ზრდაა მოსალოდნელი.