14 მარტს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს ქალთა სტატუსის 67-ე კომისიაზე BTU-ს პროექტზე “500 ქალი ტექში“ იმსჯელეს. ღონისძიებაზე ექსპერტ სპიკერად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე იყო მიწვეული.
„500 ქალი ტექში“ პროექტი, რომელზეც კომისიაზე იმსჯელეს, 2020 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებითა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით საქართველოში მცხოვრები ქალების გადამზადებას გულისხმობს. პროექტი პასუხობს გაეროს მიერ შემუშავებული გაეროს ქალთა გაძლიერების მეოთხე პრინციპს: ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა.
კომისიაზე ნინო ენუქიძემ ციფრულ ეპოქაში ქალებისთვის თანაბარ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, პროექტზე „500 ქალი ტექში“ მის მიზნებსა და შედეგებზე.
„საქართველოში გოგოების მხოლოდ14-15% ირჩევს ტექნოლოგიურ კარიერას. ქალები ცალსახა უმცირესობაში არიან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას, რაც დიდ გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესებზე. და ჩვენ ეს უკვე დავიწყეთ. სიამაყით ვაცხადებ, რომ პროექტში ,,500 ქალი ტექში” გადავამზადეთ არა მხოლოდ ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სადაც რუსეთმა შეზღუდა მათი არჩევანის თავისუფლება, არამედ დევნილი ქალები უკრაინიდან, რომელთაც ტექნოლოგიების სხვადასხვა კურსები შევასწავლეთ. ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, პროგრამული ენების შესასწავლი უფასო კურსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესება, ქალთა დასაქმება ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესება და ფემტექ სექტორში პროგრამისტი ქალების მხარდაჭერა - სწორედ აღნიშნულს ვახორციელებთ ჩვენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად.“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა აქტუალურ თემას ფარავს. მიმდინარე კომისიის თემა გახლდათ „ინოვაციები და ტექნოლოგიური ცვლილებები, განათლება ციფრულ ეპოქაში გენდერული ბალანსის მისაღწევად და ქალების გასაძლიერებლად“. სესიებში, როგორც წესი, მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის დელეგატები წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ინტერაქციულ პანელებზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც ნინო ენუქიძე გახლდათ, ხედვების, გამოცდილებისა და ახალი მიგნებების, კვლევის შედეგებისა და საერთო მიზნისკენ მიმავალი გზების გაზიარება ხდება. პანელმა სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ტექნოლოგიური ექსპერტები გააერთიანა. სხდომის შედეგები დოკუმენტად ჩამოყალიბდება და ბიუროს წევრებს გადაეგზავნებათ.
R