კეზერაშვილის „მატრიოშკა“ - „დამალული“ ბიზნესების ანატომია - სად უნდა ეძებდეს და სად ეძებს ხელისუფლება „სისხლიან“ ფულს?

თავდაცვის ყოფილი მინისტრის „მდიდარი“ ბიოგრაფია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში უქონელი მოვიდა, ხოლო იქიდან მულტიმილიონერი წავიდა, რომლის წინააღმდეგაც ფულის გათეთრების, კორუფციის თუ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით არა ერთი საქმეა აღძრული, იძებნებოდა წითელი ცირკულარით, თუმცა ხელისუფლებამ რატომღაც ვერც ერთხელ ვერ შეძლო მისი ექსტრადირება საქართველოში, ალბათ, კარგი „მასალაა“ ოპონენტის „გასაშავებლად“. სიმართლე უნდა ითქვას და თავისი პოლიტიკური ამბიციებითა თუ სხვადასხვა ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსებით, კეზერაშვილიც აძლევს საბაბს ხელისუფლებას, რომ „კეზერას“ სისხლიანი, რეკეტითა და ძარცვით ნაშოვნი ფულის ამბავი ხალხს ხშირად შეახსენონ. თუმცა, სულ მცირე ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რათა დარწმუნდე, რომ „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“! ამ შემთხვევაში ჩვენ არა ეჭვების, არამედ ფაქტების დონეზე მოგიყვებით, რომ ბრალდებული კეზერაშვილის ფინანსური ინტერესები საქართველოში ერთგვარი ხელშეუხებლობით სარგებლობს.

„ალალი და უსაყვედურო!“ - ძებნილი კეზერაშვილი სამეწარმეო რეესტრში

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელზე ოფიციალურად 5 კომპანიაა რეგისტრირებული. კერძოდ:

  • 2012 წელს დაფუძნებული შპს მედია ჯორჯია, სადაც კეზერაშვილი 100%-იან წილს ფლობს;
  • შპს ლუკას, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. წილის 50%-ის მფლობელი დავითი კეზერაშვილია, 50%-ის მფლობელი კი ნუკრი ნიჟარაძე;
  • 2012 წელს დაფუძნებული შპს ჯორჯიან მედია კომპანი, რომლის 100%-იან წილს ფლობს დავით კეზერაშვილი;
  • შპს ფორმულა, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა და სადაც დავით კეზერაშვილი 51%-იან წილს ფლობს;
  • ასევე, 2019 წელს დაფუძნებული შპს დროება მედია ჯგუფი, აქ კი დავით კეზერაშვილის წილი 60%-ს შეადგენს.

ჩემი ოქრო ჩემთან! - ანუ, რასაცა „გასცემ“ შენია

დავით კეზერაშვილის ერთ-ერთი მთავარი აქტივი საქართველოში იყო და დიდი ალბათობით არის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ („გალფი), რომლის ფლობაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მხოლოდ 2011 წელს აღიარა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2013 წლის კვლევაშია აღნიშნული, 2012 წლის ნოემბერში (საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში) „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ (რომელიც იმ დროისთვის „გალფის“ დაახლოებით 140 ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებდა საქართველოში) განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქცია დათმო. ამავე კვლევის მიხედვით, 2012 წლის ივლისამდე კეზერაშვილი შპს „უნიგრუპსაც” ფლობდა, რომელიც „ლუკოილის” პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.

„სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ აქციები კი იმ დროს დავით კეზერაშვილმა რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველ ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს მიყიდა. შესაბამისად, კომპანიის ძირითადი აქციონერი ოფიციალურად აშშ-ის დელავერის შტატში რეგისტრირებულ Energy Investment Venture Holdings-ი გახდა. TI-ის კვლევის მიხედვით, 2012 წლის ნოემბერშივე დავით იაკობაშვილმა საკუთარი აქციების წილი გაზარდა „პეტროკას ენერჯი გრუპში“ 25%-დან (რომელიც მან, გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წელს შეიძინა) 80%-მდე. გარიგება 240 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. ცნობისათვის, „პეტროკასი“ ნავთობპროდუქტების სავაჭრო და გადამზიდავი კომპანიაა. იგი იმ დროისთვის ნავთობპროდუქტებით ამარაგებდა „ლუკოილს“, „სოკარს“, „რომპეტროლსა“ და „გალფს“. კომპანია აქტიურ საქმიანობას ეწევა საქართველოში, თურქმენეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ვიეტნამში. ამავე კვლევის მიხედვით, იაკობაშვილი აქციათა უმრავლესობის მფლობელი გახდა ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორ შპს „ჩენელ ენერჯიში“ (ფოთი) (იმართებოდა გიბრალტარის შპს „ჩენელ ენერჯის“ საშუალებით), რომელიც სასაწყობე ობიექტებსაც აკონტროლებს.

2014 წლის დეკემბერში კი “პეტროკას ენერჯი გრუპმა” და რუსულმა Rosneft-მა დაიწყეს პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც Rosneft-მა კომპანიის 49%-იანი წილი შეიძინა. უკვე 2022 წლის ივნისში კი რუსული კომპანიისგან 49%-იანი წილი სრულად გამოისყიდა კეზერაშვილის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორმა ივანე ნაკაიძემ და ამ დროისთვის Rosneft-ი “პეტროკასის” და “გალფის” აქციონერი აღარაა. გარიგების ღირებულება არც „პეტროკასს“ და არც Rosneft-ს არ გაუხმაურებია.

რაც შეეხება თავად ივანე ნაკაიძეს, ის არის “პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელი პარტნიორი და კომპანიის CEO. აღსანიშნავია, რომ ივანე ნაკაიძე 2012 წლის ივლისამდე „ჩენელ ენერჯის“ (ნავთობტერმინალის ოპერატორი ფოთის პორტში) ფინანსური დირექტორიც იყო.

ცნობისათვის, “პეტროკას ენერჯი გრუპი” 2010 წელს დაფუძნდა და ნავთობის საბითუმო და საცალო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში მის შემადგენლობაში შედის “გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ფოთის ნავთობტერმინალი და კომპანია “პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯია”, რომელიც საავიაციო საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.

ერთი საინტერესო დეტალიც! ივანე ნაკაიძემ, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული პარლამენტში, დაადასტურა, რომ 2009 წლის 30 იანვარს დაინიშნა ჰოლდინგ Rylf Management-ის წარმომადგენლად საქართველოში. Rilf Management SA 2008 წელს პანამაზე რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის მფლობელობაშიც სხვა ქართული კომპანიები შედიან. ეს სწორედ ის ჰოლდინგია, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში დავით კეზერაშვილის მფლობელობაში მოიაზრებს. 2016 წელს გამოქვეყნებული “პანამა ფეიფერსის” დოკუმენტების მიხედვით, დასტურდება, რომ კომპანიის წარმომადგენელი იოსებ მგელაძეა – სწორედ ის პირი, ვინც 2012 წლამდეც იყო კეზერაშვილთან დაკავშირებული სხვადასხვა ბიზნესკომპანიების დირექტორი, წარმომადგენელი, მმართველი და ა.შ.

შესაბამისად, თუ კვანძს სწორად გავხსნით, კეზერაშვილის მიერ ერთ დროს „გასხვისებულმა“ ბიზნესებმა შესაძლოა, ისევ მასთან მიგვიყვანოს!

kezera-1680435758.jpg

დავით კეზერაშვილი და ივანე ნაკაიძე. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში. გერმანელი ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტო

ვინც ეძებს, პოულობს!

ივანე ნაკაიძის სახელმა გაიჟღერა 2022 წლის ზაფხულშიც, როდესაც სააგენტო „კვირამ“ გაავრცელა ინფორმაცია ბათუმის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერის შემოსვლასთან დაკავშირებით. გამოცემა აქვეყნებდა ფოტოსაც, სადაც დავით კეზერაშვილი და ბიზნესმენი ივანე ნაკაიძე იყვნენ ასახულები. “კვირას“ ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული ბიზნესმენის მმართველობაში იყო სატვირთო გემი, რომელიც ივნისის ბოლოს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც 26 ივნისს, თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა – ESEN KA-მ შემოიტანა.

სანქცირებული ტვირთის ბათუმის პორტში შემოსვლის საკითხი დაადასტურა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც. მინისტრმა მაშინ ისიც აღნიშნა, რომ საბაჟოს ამ ტვირთის შემოტანაზე თანხმობა არ გაუცია.

„ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სანქციებს, ხდება არასწორი ინტერპრეტირების საგანი. დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ, საქართველოში არ ყოფილა ფაქტი სანქციების დარღვევის, ან სანქციების გვერდის ავლის, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება… სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით. საბაჟოს არ გაუცია თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე, საბაჟოს უფლებისა და თანხმობის გარეშე ეს ტვირთი ვერ მოხდება საქართველოში,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

P.S. თუ ვინმეს მეტი მტკიცებულება სჭირდება იმისთვის, რათა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების მიღმა „კეზერას“ ფინანსური ინტერესები დაინახოს, შევახსენებ, რომ მოულოდნელად გამდიდრებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი არც მაშინ იყო ღია და გამჭვირვალე, როცა ხელისუფლებაში მისი მეგობრები და ბიზნესპარტნიორები იყვნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჯერ კიდევ 2013 წელს წერდა, რომ კეზერაშვილი თავის აქტივებს საქართველოში ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობდა, რაც ართულებდა ბენეფიციარ მესაკუთრეთა ვინაობისა და საკუთრებაში მომხდარი ცვლილებების დადგენას, რადგან ეს მონაცემები საჯარო რეესტრის დოკუმენტებში, შესაძლოა, არც აისახოს. იგივე არასამთავრობო ორგანზიაცია, თავის არა ერთ ანგარიშში ამბობდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავის კომპანიებს საქართველოში, მათ შორის სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს, მისი მეგობრებისა და ნათესავების საშუალებით ფლობდა და მართავდა. მათ შორის სახელდებოდნენ დიმიტრი ჩიქოვანი, ალექსანდრე გოგოხია და ივანე ნაკაიძე. ასე რომ, კეზერაშვილის ხელწერა იგივეა, ხელისუფლების სტანდარტი კი ორმაგი - ფართოდ დახუჭული თვალებით არ სურთ დაინახონ ის, რაც ხელისგულზე დევს, კატას კი რატომღაც იქ ეძებენ, სადაც ის არასდროს ყოფილა და ვერც ვერასდროს იქნება!

ემა ტუხიაშვილი