Opec-მა ნავთობის მოპოვება მოულოდნელად შეამცირა - ბირჟაზე ფასები მკვეთრად იზრდება

საუდის არაბეთის, Opec-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ნავთობის მოპოვების მოულოდნელი, დღეში 1 მილიონი ბარელით შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.

3 მარტისთვის საერთაშორისო ბენჩმარკის Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 83 აშშ დოლარი ღირს და ერთდღიან შუალედში 6%-ითაა გაზრდილი, დასავლეთ ტეხასის ნავთობის საშუალო (WTI) ფასი კი 79 დოლარამდეა.

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა კავშირმა გადაწყვეტილება კვირას გაასაჯაროვა. თუმცა დანარჩენებისგან განსხვავებით, მომდევნო თვიდან საუდის არაბეთი არა 1 მილიონი ბარელით, არამედ 500,000 ბარელით შეამცირებს მოპოვებას დღეში. რუსეთი კი გაახანგრძლივებს მოპოვების 500,000 ბარელით შემცირების გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ბოლომდე. ტრეიდერები მოელოდნენ, რომ OPEC+ წარმოებას ამჟამინდელ ნიშნულზე შეინარჩუნებდა.

გადაწყვეტილების ეფექტი მალევე გავრცელდა გლობალურ ბაზარზეც. Goldman Sachs-მა გაზარდა ფასების პროგნოზები, შედარებით წყნარ აზიურ სავაჭრო სესიაზე კი ასი ათასობით კონტრაქტი შეიცვალა. გაიზარდა აშშ-ს ბენზინის ფიუჩერსებიც, რაც ინფლაციურ რისკებს უსვამს ხაზს.

აღსანიშნია, რომ ინიციატივა OPEC-ის წევრების ფორმალური შეხვედრის გარეშე დაანონსდა, რაც მიანიშნებს გადაწყვეტილების სასწრაფო წესით მიღებაზე.

მოპოვების შემცირებას წინ უძღოდა ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, რაც აშშ-ში Silicon Valley Bank-ის კოლაფსითა და UBS-ის მიერ Credit Suisse-ის შეძენით იყო განპირობებული. ამ ყველაფერმა გააჩინა ეჭვები, რომ კრიზისი გლობალურ საფინანსო სისტემას მოედებოდა და შესაბამისად, შეამცირა მოთხოვნა ნედლ ნავთობზეც.

მოულოდნელი შემცირების გადაწყვეტილება აშშ-სა და რიადს შორის უთანხმოების გაღვივების რისკებს ქმნის, შეერთებული შტატები შარშან საუდის არაბეთს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებდა ენერგორესურსების გაძვირების ფონზე გაზრდილი ინფლაციის მოსათვინიერებლად. თეთრმა სახლმა საუდის არაბეთი ოქტომბერში რუსეთის გვერდში დგომაშიც დაადანაშაულა.

OPEC+ და მისი მოკავშირეები ნავთობის მოპოვებას მაისიდან შეამცირებენ და გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება. ერაყი 211,000 ბარელით, არაბთა გაერთიანებული საამიროები 144,000 ბარელით, ქუვეითი 128,000 ბარელით, ყაზახეთი 78,000 ბარელით, ალჟირი 48,000 ბარელით, ომანი კი 40,000 ბარელით შეამცირებს წარმოებას დღეში.

კახი ჩაკვეტაძე