„შუაგული“, „აიტექნიკი“ - ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლე, ვალერიან ცერცვაძე და მისი ოჯახი ფლობს.
ვალერიან ცერცვაძე 6 წელია ქართული სასამართლო სისტემის ნაწილი აღარ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ისიც მოხსენიებულია, როგორც კორუფციული სისტემის ნაწილი, რომელიც ბღალავს სამართლის უზენაესობას.
ყოფილი მოსამართლე, რომლის შვილიც 2013 წელს აშშ-ში დაიბადა და ამერიკის მოქალაქეა, ამბობს, რომ ბრალდებები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას.
ყოფილ მოსამართლეს დეკლარაცია ბოლოს 2018 წელს აქვს შევსებული. ,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორია ცერცვაძის და მისი ოჯახის ბიზნესსაქმიანობა და წილები სხვადასხვა კომპანიებში მოსამართლეობის შემდეგ.
სანქცირებულ მოსამართლეს ეკუთვნის 2021 წელს დარეგისტრირებული შპს გრინ სფეის შუაგულის 50% წილი. 25-25%-ს კი კონსტანტინე და ლევან აბზიაძეები ფლობენ. წილის სამივე ფლობელს რეესტრში განცხადება შეტანილი აქვთ დაშლის შესახებ, თუმცა კომპანიის სტატუსი კვლავ აქტიურია, სტუმრების მიღებას აგრძელებს „შუაგულიც“.
მისი მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე კი ფლობს 100%-იან წილს შპს „აიტექნიკში“. მასვე ეკუთვნის 2021 წელს დაარსებული შპს სითი გარდენი. მიქუჭაძეს უკუთვნის 2020 წელს დარეგისტრირებული შპს მისთორის 70%-იანი წილი, რომელსაც ლევან ნონიაშვილთან ერთად ფლობს. ასევე, შპს ჯეველბერი ჯორჯიას 50%-იანი წილი, 50% კი რუსეთის მოქალაქე ვიტალი იაზვენკოს კუთვნილებაა.
შპს ივენთ გარდენიც ცერცვაძის ოჯახის საკუთრებაა, კერძოდ, კომპანია შპს გარდენ სითის საკუთრებაა, რომლის წილის 100%-ს ვალერიან ცერცვაძის მამა მურთაზ ცერცვაძე ფლობს, დირექტორი კი თავად სანქცირებული ყოფილი მოსამართლის მეუღლეა.
თავის მხრივ, მურთაზ ცერცვაძე მეუღლე მარიამ ცერცვაძესთან ერთად ფლობს შპს ვი.ენ.ჯი გრუპს, შპს მანის 30% წილს ვანო ჭოლაძესთან ერთად.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რამდენიმე მოსამართლე და მათი ოჯახის წევრები დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ და მათი ოჯახის წევრებს გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.
სანქცირებულებს შორის მოხვდნენ მოსამართლეები: მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.
იხილეთ ასევე:
ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლის შვილი აშშ-ს მოქალაქეა - რა ქონებას ფლობს ვალერიან ცერცვაძე
მცდარი და დაუსაბუთებელი - სანქცირებული ყოფილი მოსამართლე აშშ-ს გადაწყვეტილებაზე