SpaceX-ის რაკეტა აფრენიდან 4 წუთში აფეთქდა - მასკის ქონება $13 მილიარდით შემცირდა

SpaceX-ის, Tesla-სა და Twitter-ისთვის ტურბულენტურ კვირაში, პარასკევს მილიარდერ ილონ მასკის ქონება, დაახლოებით, 12.6 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნაა.


მასკი, რომლის ქონება ახლა $163.9 მილიარდია, კვლავ მეორე უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში LVMH Moët Hennessy Louis Vuitton-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის, ბერნარ არნოს შემდეგ, რომელმაც 211 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა.


მასკის ქონების მკვეთრი შემცირება ქაოტური კვირის შემდეგ ლოგიკური შედეგია. ხუთშაბათს SpaceX-ის Starship რაკეტა გაშვებიდან 4 წუთში აფეთქდა სატესტო ფრენის დროს, Tesla-ს აქციების ფასი კომპანიის მიერ შემოსავლების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ შემცირდა, Twitter-ის ვერიფიცირებულ მომხმარებლებს კი, რომლებიც არ არიან თანახმა 8 დოლარი გადაიხადონ ცისფერი ნიშნისთვის, ეს ნიშნები ანგარიშებიდან გაუქრათ.


ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ანომალია განცალკევების სტადიამდე მოხდა, რის შედეგადაც რაკეტა განადგურდა. ადამიანები ან საზოგადოებრივი ქონება არ დაზიანებულა.

SpaceX-ის რაკეტის აფრენის კადრები:


Tesla-ს განვითარებამ ყველაზე მეტად იმოქმედა მასკის ქონების წმინდა ღირებულებაზე. კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების მწარმოებელის წლიური მოგება 24%-ით, 2.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ნაწილობრივ, პროდუქციაზე ბოლოდროინდელი ფასების აგრესიული კლების გამო. Tesla-ს აქციების ფასი ხუთშაბათს 9.8%-ით დაეცა და $162.99 შეადგინა, თუმცა წლის დასაწყისიდან დღემდე 33%-ითაა მომატებული.


ბლუმბერგი მასკის ქონების წმინდა ღირებულებას გამოთვლის Tesla-ს 13%-იანი, SpaceX-ის 42%-იანი და Twitter-ის 79%-იანი წილების მიხედვით. ის არის ამ სამივე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.


კახი ჩაკვეტაძე