მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის ემზადება

ყაზახეთის ონლაინ-ბანკმა და მარკეტპლეის Kaspi.kz-მა ფასიანი ქაღალდების შეერთებულ შტატებში განთავსებისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების ანგარიშში წერია.

აშშ-ში ლისტინგს Kaspi.kz პოტენციური უპირატესობებით აფასებს, როგორიც არის უფრო ფართო, მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა. ლისტინგისთვის მზადება ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ნებისმიერი გარიგება საბაზრო პირობებზე იქნება დამოკიდებული.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, მიხეილ ლომთაძე აცხადებს, რომ გარე ფაქტორებმა 2022 წელს ფასიანი ქაღალდების განთავსება შეუძლებელი გახადა, წელს კი კაპიტალის ბაზრის უფრო მაღალი აქტივობა დამაიმედებლად გამოიყურება. მისი თქმით, ამჟამად ფულის გამოყენებაში კომპანიის მთავარი პრიორიტეტი არის ინვესტიცია ზრდაში, იქნება ეს ორგანული განვითარება თუ სხვა კომპანიების შეძენა, ხოლო ჭარბი კაპიტალის შემთხვევაში Kaspi.kz მას აქციონერებს გაუზიარებს.

„ყველაზე შესაფერის ბირჟებზე Kaspi.kz-ის ლისტინგის იდეისადმი კომპანიის მენეჯმენტი უცვლელად ერთგულია,“ - აცხადებს ლომთაძე.

Kaspi.kz-ის ფინანსური მონაცემების მიხედვით, კომპანიის კონსოლიდირებული შემოსავალი 2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით, ხოლო კორექტირებული სუფთა მოგება 52%-ით გაიზარდა და 177,96 მლრდ ტენგეს, დაახლოებით, 389 მლნ დოლარს მიაღწია. კომპანიამ შემოსავლების ზრდა სამივე ძირითად ბიზნესში დააფიქსირა, როგორიც არის გადახდები, მარკეტპლეისი და ფინტექი.

2022 წელს Kaspi.kz-ის მთლიანი აქტივები 41,2%-ით გაიზარდა და 5,1 ტრლნ ტენგე (11,73 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ბანკი ქვეყანაში მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ ყაზახეთის სახალხო ბანკს, Halyk Bank-ს ჩამორჩა. ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე IPO 2020 წელს გამართა, რაც 2007 წლის შემდეგ ყაზახური კომპანიის ყველაზე დიდ ლონდონურ ლისტინგს წარმოადგენდა. Kaspi Bank ინვესტორებმა 6,5 მლრდ დოლარად შეაფასეს, რამაც ის ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებულ საჯარო კომპანიად გადააქცია.

24 აპრილს ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi.kz-ის სადეპოზიტო ქვითრები 6,51%-ით, 79,35 დოლარამდე გაიზარდა, რაც, დაახლოებით, ორთვიანი პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Forbes-მა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში 2023 წლის სანდო ბანკების რეიტინგში Kaspi.kz მეოთხე ადგილზე დაასახელა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ