„შევისწავლით, თუ სანქცირებულია მასთან არცერთი ქართული ბანკი არ დაიჭერს ურთიერთობას“ - სებ-ი რუსული ბანკის მიერ ლარში დაწყებულ გადარიცხვებზე

„შევისწავლით, თუ სანქცირებულია, მასთან არცერთი ქართული ბანკი არ დაიჭერს ურთიერთობას,“- ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ერთ-ერთმა რუსულმა ბანკმა ლარში დაიწყო გადარიცხვების განხორციელება.

„თუ ეს ბანკი არის სანქცირებული, მასთან საკორესპონდენტო უირთიერთობას არ დაიჭერს არცერთი ქართული ბანკი. შესაბამისად, გადარიცხვები არ იქნება არც რუბლით, არც ლარით და არც სხვა ვალუტით. თუ არ არის სანქცირებული, მაშინ რისკი არ არის და მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს გადარიცხვები რუბლით, ლარით თუ სხვა ვალუტით. ამ საკითხს ჩვენ შევისწავლით, კომერციულ ბანკებსაც დავუკავშირდებით, მაგრამ ჩვენ გარეშეც, თუ ეს ბანკი ან მისი მფლობელები არიან სანქცირებული, არცერთი ქართული ბანკი არ დაიჭერს ურთიერთობას,“ - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ცნობისთვის, რუსული ბანკი „ტოჩკა“ ლარში სავალუტო ოპერაციების განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ლარის გაგზავნა საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში იქნება შესაძლებელი, უთხრა ბანკის წარმომადგენელმა რუსულ სამთავრობო სააგენტო „ტასს“.

„ტოჩკა“ რუსული ბანკია, რომელიც ოფისების გარეშე ოპერირებს. ის ორიენტირებულია „იურიდიული პირებისთვის მომსახურებების ეკოსიტემის შექმნასა“ და მეწარმეთა დისტანციურ მომსახურებაზე. ბანკმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ლიცენზია 2023 წლის თებერვალში მიიღო.

თაია არდოტელი