საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საქართველოში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტშია აღნიშნული.
„ერთი შეხედვით, 2019 წლის პანდემიის შედეგები დაძლეულია და შრომის ბაზარი თითქოს დაუბრუნდა წინა პერიოდის მდგომარეობას, თუმცა ბოლო პერიოდში თავი იჩინა სხვა პრობლემებმა, რომლებიც არანაკლები სიმწვავისაა და მათთან გამკლავება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს შრომის ბაზრისთვის, ასევე, უკვე ტრადიციად ქცეული პრობლემის – უმუშევრობის დაძლევა.
საქართველოს ეკონომიკა, რომელიც საკმაოდ მყიფეა გარე შოკების მიმართ, კიდევ ერთი შოკის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. ომის შედეგად მთელს ევროპაში გაიზარდა ფასები საქონელზე. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. ფასების ზრდა მნიშვნელოვნად აისახა საქართველოს მოსახლეობაზე.
გასულ წელს, ერთი შეხედვით ფასების 9,8%-იან ზრდას დაუპირისპირდა 10,1% რეალური ეკონომიკური ზრდა და საშუალო ხელფასის 22%-იანი ზრდა. თუმცა, აქ თავი იჩინა შემოსავლების არათანაბარმა გადანაწილებამ, რაც საქართველოსთვის უკვე დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს. ფასებმა მოიმატა ყველასთვის თანაბრად, მიუხედავად მათი შემოსავლებისა, ხელფასები და შემოსავლები კი იზრდება არათანაბრად, რაც გამოწვეულია შრომის ბაზრის და სოციალური პოლიტიკის არასრულყოფილებით.
საქართველოში დღეს 131 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს. დღევანდელი 500 ლარი კი 2010 წლის ფასებში 282 ლარს არ აღემატება. აქვე, თებერვლის მდგომარეობით, 277 ადამიანი იღებს 100 ათას ლარზე მეტ ხელფასს თვეში და ისინი იბეგრებიან ისეთივე საშემოსავლო გადასახადით, როგორც 100 ან 200 ლარიანი ხელფასის მქონე დასაქმებულები. პროგრესული გადასახადის არარსებობის პირობებში, უთანასწორობა სულ უფრო ღრმავდება.გადასახადს იხდიან ის დასაქმებულებიც, რომელთა შემოსავალიც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.
ოფიციალური სტატისტიკით მცირდება ფარდობითი სიღარიბის დონე (2021 წლის მდგომარეობით 18,9%). რეალურად კი, უთანასწორობა და მასთან ერთად, სოციალური პროგრამების მიღმა სიღარიბე იზრდება. სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ეს შემცირება ბოლო 17 წლის განმავლობაში მხოლოდ 1,8%-ია და რაც მთავარია, სიღარიბის შემცირება ხდება სოციალური პროგრამებით მოსახლეობის მოცვის გაფართოებით და არა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით, ან დასაქმებისდონის ზრდით. შესაბამისად, სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება დამოკიდებული საარსებო შემწეობაზე და სხვა სოციალურ გასაცემლებზემაშინ, როცა შრომისუნარიანი მოქალაქეები ან უმუშევრები არიან, ან ტოვებენ ქვეყანას და საზღვარგარეთ ეძებენ ელემენტარულ სამუშაოს. თუმცა, მიგრაცია მათ ყოფას ყოველთვის არ აუმჯობესებს, რამდენადაც საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტები ხდებიან შრომითი ექსპლუტაციისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი.
კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენდერული სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის. მიუხედავად შრომის კოდექსში შესული გარკვეული ცვლილებებისა, სახელფასო სხვაობა სქესის ნიშნით ჯერ კიდევ 17,3%-ს აღწევს.
სახელმწიფოსგან ყურადღებას საჭიროებს, ასევე მაღალი არაფორმალური დასაქმება. არასასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავეთა 28,8% არაფორმალურადაა დასაქმებული. ისინი მოკლებულნი არიან, როგორც შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი უფლებებით სარგებლობის, ისე საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები არაფორმალური დასაქმების ნებაყოფლობითი ფორმალიზაციისკენ. ეს კი პირველ რიგში, გულისხმობს აღსრულების გაუმჯობესებას შრომითი უფლებების დაცვის კუთხით და დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიების შექმნას, რომელიც უშუალოდ ფორმალურ დასაქმებასთან იქნება დაკავშირებული.
ასეთ რთულ სიტუაციაში, გამოწვევებთან გასამკლავებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში სოლიდარობისა და სამართლიანობის განცდის ჩამოყალიბებას.
გადაუდებლად აუცილებელია:
• დასაქმებულების ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა;
• უმუშევრობის შემწეობის დადგენა;
• გენდერული უთანასწორობის უზრუნველყოფა, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა;
• პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა;
• კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება დასოციალური კულტურის ნაწილადდამკვიდრების ხელშეწყობა.
საქართველოს პროფკავშირები ითხოვს:
1. ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესებას არანაკლებ საშუალო ხელფასის 40%-ისა და პროგრესული გადასახადების დადგენას სოციალური დიალოგის გზით;
2. 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას,“- აღნიშნულია პროფკავშირების მანიფესტში.