მდიდარი ადამიანების ცხოვრება მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. არასდროს ცხრება ინტერესი მათი ქონებისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ. ყველას აინტერესებს, როგორ ვითარდება მდიდრების ბიზნესი და რა ხდება პირად ცხოვრებაში. თუმცა არიან გამორჩეული ადამიანებიც, რომელთა მიმართაც საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს. რამდენიმე მათგანის შესახებ საჯარო ინფორმაციას გაგაცნობთ.
მიხეილ ლომთაძე
მიხეილ ლომთაძე საზოგადოებამ მოულოდნელად, „ფორბსის“ მილიარდერების სიიდან გაიცნო. 2020 წელს ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მილიარდერები გახდნენ. ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ მიხეილ ლომთაძე გახლდათ. უკანასკნელი მონაცემებით, ყაზახური ბანკის, Kaspi-ის CEO-ს მიხეილ ლომთაძის ქონება 1.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის 2023 წლისთვის 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ლომთაძის ქონების მატება ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების მატებას უკავშირდება, რაც გასულ წელს უკრაინის ომიდან გამომდინარე იყო შემცირებული. მიხეილ ლომთაძე ამჟამად მსოფლიოს 774-ე უმდიდრესი ადამიანია.
ლომთაძე ბანკის დამფუძნებელთან, ვიაჩესლავ კიმთან ერთად Kaspi-ს ძირითადი პარტნიორია და მას ბანკის 25% ეკუთვნის. ახალგაზრდა ქართველი მილიონერი ყაზახურ Kaspi Bank-ს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს.
დღეს მიხეილ ლომთაძე რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ქართველია ბიძინა ივანიშვილის შემდეგ.
თემურ უგულავა
უკანასკნელი მონაცემებით, თემურ უგულავას ქონება 60 მილიონ დოლარს შეადგენს. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. თემურის მფლობელობაშია „აჭარა ჯგუფი“, რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობს. ჯგუფის შემადგენლობაშია: სასტუმრო „სტამბა“, სასტუმრო „რუმსის“ ქსელი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, ჰოსტელი „ფაბრიკა“.
„აჭარა ჯგუფი“ სწორედ ამბიციური იდეების მქონე ინოვატორმა მეწარმემ, თემურ უგულავამ დააარსა. 2010 წელს კომპანია სტუმარმასპინძლობის ადგილობრივ ბაზარზე Holiday Inn-ის ფრანშიზას წარდგენით შემოვიდა. 2012 წელს პირველი ქართული „ცხოვრების სტილის“ ბრენდი, Rooms Hotels ჩამოყალიბდა. „აჭარა ჯგუფმა“ ყაზბეგში მიტოვებული საბჭოთა სანატორიუმი ინოვაციურ სასტუმროდ გარდაქმნა, რომელმაც მალევე მოიპოვა გლობალური აღიარება.
ამჟამად „აჭარა ჯგუფი“ წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარმასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგროწარმოების სფეროებში. კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა ე.წ. lifestyle ბრენდების განვითარებისა და ტენდენციების დამამკვიდრებელი პროექტების შექმნისთვის.
ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესების გარდა, „აჭარა ჯგუფი“ აღმოსავლეთ საქართველოში უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო და ფერმერულ პროექტსაც ახორციელებს.
კახა კალაძე
თბილისის მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე წლებია ოფიციალური მილიონერია.
კალაძე 2001-2010 წლებში „მილანში“ თამაშობდა. რამდენიმე წლის წინ ყოფილმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა, რომ მისი ხელფასი „მილანში“ 6 მილიონი იყო.
როგორც საჯარო პირმა, მერმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2023 წლის იანვარში შეავსო. უკანასკნელი მონაცემებით, მისი ყველაზე დიდი ფინანსური აქტივი იტალიურ ბანკშია განთავსებული. დეკლარაციის შევსების დროს მას „ინტეზა სან პაოლოში“ მიმდინარე ანგარიშზე 4 200 000 დოლარი ჰქონდა.
თბილისის მერის მანქანებისადმი სიყვარული საყოველთაოდ ცნობილია. ამჟამად მის ავტოფარეხში რამდენიმე მანქანა და მოტოსატრანსპორტო საშუალება დგას. ესენია: SMART BRABUS (47 000 EUR), TOYOTA CAMRY (66 116,82 GEL), PORSCHE 911 (150 000 USD), Tesla model 3 (40 000 USD). მის მფლობელობაში არსებული მოტოსატრანსპორტო საშუალებები კი ასე გამოიყურება HARLEY- DAVIDSON (28 000 EUR), HARLEY- DAVIDSON (25 000 EUR), HARLEY- DAVIDSON (10 000 EUR), HARLEY- DAVIDSON (20 000 EUR), BRP mav max (20 000 USD).
კალაძისა და მისი ოჯახის საკუთრებაშია ბინები, ავტოფარეხები, მიწები როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. კიევში მდებარე ბინების ღირებულებაა 150 000 USD და 700 000 USD.
ბექა ხოფერია
ბექა ხოფერია საზოგადოებისთვის თავდაპირველად მისი პირადი ცხოვრებით გახდა ცნობილი, თუმცა მოგვიანებით ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარი ბიზნესი შექმნა და საკმაოდ წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. შედეგად, დღეს ის იმ მილიონერების სიაშია, რომლებიც მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან.
ბექა ხოფერია „აპარტ დეველოპმენტის“ დამფუძნებელია. კომპანია ბაზარზე პირველად 2019 წელს გამოჩნდა და პირდაპირ პანდემიას გაუსწორა თვალი. სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულადაც - ამ წელს ბექა ხოფერიას ბიზნესმა ლიდერის სტატუსი მოიპოვა, რასაც დამფუძნებელი კოვიდრეგულაციებზე ეფექტიან მორგებას და პანდემიის გამოწვევების, საბოლოო ჯამში, შესაძლებლობებად გარდაქმნას უკავშირებს.
ამჟამად ბექა ფლობს 20 ჰექტრამდე მიწის კაპიტალს თბილისსა და მის შემოგარენში. კომპანიის კაპიტალი კი 60 მილიონს სცდება.
ბექას განსაკუთრებული სიყვარული აქვს ავტომობილების მიმართ, რომლითაც ხშირად ასაჩუქრებს საყვარელ ადამიანებსაც. მის ავტოპარკში შეხვდებით:
Mercedes Benz Maybach; Mercedes Benz G class, Mercedes Benz GLE; Mercedes Benz AMG GT Coupe; Mercedes Benz S Class; Mercedes Benz S class 1960 წლის; Rolls Royce Phantom 1965 წლის
Mercedes Benz SL 1980 წლის
ლაშა პაპაშვილი
ლაშა პაპაშვილს საზოგადოება წლების განმავლობაში სხვადასხვა ბიზნესსექტორიდან იცნობდა, თუმცა ის მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. ამჟამად ლაშა „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.
„რედიქსი“, რომელიც უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანიაა, 2007 წელს დაარსდა. ამჟამად „რედიქსი“ მართავს უძრავი ქონების 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს, რომლებიც მოიცავს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებებსა და მიწის ბანკს.
კომპანიის მფლობელობაშია ამიერკავკასიაში არსებული ყველაზე დიდი რძის მწარმოებელი ფერმა, რომელიც ყოველდღიურად 40 ტონაზე მეტ ძროხის რძეს აწარმოებს.