2023 წლის 1-ელ კვარტალში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 275%-ით გაიზარდა. აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
კერძოდ, უწყების ცნობით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში აღნიშნული დანაშაულის 15 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 იყო. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა მიმდინარე წლის 1-ელ 3 თვეში 80% (12 შემთხვევა) შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 25%-ს (1 შემთხვევა) შეადგენდა.
ოფიციალური მონაცემებით, ქრთამის აღების ფაქტების გარდა, წლიურად გაზრდილია ქრთამის მიცემის ფაქტებიც 100%-ით, უფრო კონკრეტულად კი ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევებზე ფიქსირდება ზრდა. თუ გასული წლის იანვარ-მარტში აღნიშნული დანაშაულის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მიმდინარე წელს 1 შემთხვევა დარეგისტრირდა შესაბამის უწყებაში.
ამასთან, შს სამინისტროს მონაცემებით, მთლიანად სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში წლიურად შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 113 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში რეგისტრირებული იყო ამ დანაშაულების 136 შემთხვევა. რეგისტრირებული შემთხვევები წლიურად 16.91%-ით არის შემცირებული.
უწყების მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები - 64.86%-ით; 3.57 %-ით შემცირებულია - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები; 38.46%-ით შემცირდა წლიურად სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები; 15.79%-ით სამსახურებრივი სიყალბის, ხოლო 100%-ით არის შემცირებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევები.