ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
როგორ შენდებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - მოვლენათა ქრონოლოგია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ისტორია, რომელიც Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში აღმოსავლეთ ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის მოხვდა, სათავეს მეოცე საუკუნის შუა ხანებში იღებს.

აეროპორტი კავკასიის რეგიონის მთავარი კომერციული და სტრატეგიული ცენტრია და საქართველოს მთელს მსოფლიოსთან აკავშირებს. ისაა მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორიც.

პირველი ტერმინალი სტალინისტური სტილის არქიტექტურით 1952 წელს აშენდა და თუ ვიკიპედიას ვენდობით, მისი არქიტექტორი ვინმე ვ. ბერიძე იყო. ახალი ტერმინალის მშენებლობა კი 1990 წელს დასრულდა, ამჯერად, საერთაშორისო სტილის მიხედვით.

old-airport-terminal-in-tbilisi-built-1952-1683283858.jpgთბილისის საერთაშორისო აეროპორტის 1952 წელს აშენებული ტერმინალი.

1981 წლისთვის თბილისის აეროპორტი საბჭოთა კავშირის მასშტაბით სიდიდით მეთორმეტე იყო და მის ცენტრალურ ხაზებზე 1.4 მილიონზე მეტი ადამიანი გადაადგილდებოდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ სამოქალაქო ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მგზავრთა რაოდენობის 230,000-მდე კლება გამოიწვია 1998 წლისთვის.

2005 წლის 31 ოქტომბრიდან აეროპორტი კომპანია TAV Urban Georgia-ს მმართველობაშია და კონტრაქტის ხანგრძლივობა 2037 წლამდეა. 2007 წლის მაისიდან კომპანია ოპერირებას უწევს ბათუმის აეროპორტსაც.

TAV Airports Holding, რომელიც TAV Urban Georgia-ს 76%-იან წილს ფლობს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან შეთანხმდა ორიდან ერთ-ერთი გამოუყენებელი ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქციაზე, რომელიც ყველა ტიპის თვითმფრინავისთვისაა განკუთვნილი.

2007 წლის თებერვალში 90.5 მილიონ დოლარად შეფასებული სარეკონსტრუქციო პროექტი დასრულდა, აშენდა ახალი საერთაშორისო ტერმინალი, მოეწყო ავტომობილების პარკინგი, სატრანსპორტო ზოლი და გაუმჯობესდა ასაფრენი ბილიკი. საბოლოო ჯამში, მგზავრთა წლიური ტევადობა 2.8 მილიონამდე გაიზარდა. პროექტი TAV Urban Georgia-მ განახორციელა, დამფინანსებლები კი IFC და EBRD იყვნენ.

2007 წლიდან მოყოლებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწრაფად განვითარდა, რაც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ის არამარტო 1.5 მილიონიანი დედაქალაქის მთავარი შესასვლელი და გასასვლელი წერტილია, არამედ მთელი ქვეყნის.

2016 წელს განახლდა მთავარი ასაფრენი ბილიკიც და აღიჭურვა ახალი სანავიგაციო სისტემით. 2017-ში კი არსებულ სატერმინალო ნაგებობას კიდევ ერთი ტერმინალი დაემატა და წლიური ტევადობა 3.5 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა. პროექტის საერთო ღირებულება 33 მილიონი დოლარი იყო.

უნდა ითქვას ისიც, რომ 2018 წლის ოქტომბერში თბილისის მეტროს აეროპორტთან დაკავშირების შესახებაც დაანონსდა. მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი 2021 წელს გაუქმდა, მას შემდეგ, რაც გამოკვლევები შესაბამისი შედეგებით ვერ დასრულდა.

ამჟამად თბილისის აეროპორტის მთავარი საფრენი მიმართულებები ევროპასა და შუა აღმოსავლეთშია. 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ფრენები გააუქმა.

რაც შეეხება მგზავრთა ნაკადებს, 2022 წელს რაოდენობამ თითქმის 3 მილიონს მიაღწია და 2,998,785 შეადგინა, რაც 78%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, თუმცა მაინც ჩამორჩება პანდემიამდელ 2017, 2018 და 2019 წლებში არსებულ მონაცემებს.