ევროკავშირიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტის საექსპორტო პროდუქცია, რომელიც სანქციების ქვეშაა, რუსეთის ეკონომიკურ პარტნიორებში ტრანზიტის დროს უჩინარდება. დასავლელი ოფიციალური პირების თანახმად, სწორედ ეს ეხმარება ვლადიმერ პუტინის ომის ეკონომიკას.
გამოცემა Financial Times-ის მიერ გაანალიზებული საჯარო მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ევროკავშირიდან ექსპორტირებული 2 მილიარდი დოლარის ორმაგი დანიშნულების ნივთების (საქონელი თუ ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის) მხოლოდ ნახევარი აღწევს დანიშნულების ადგილს - ყაზახეთს, ყირგიზეთსა და სომხეთს.
EU-ში მიიჩნევენ, რომ საქონელი, რომელიც შეიძლება სამხედრო თუ სადაზვერვო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული და ექვემდებარება საექსპორტო კონტროლს, შესაძლოა, სწორედ ამ გზით მოხვდა რუსეთში.
ჩრდილოვანი ექსპორტის დიდმა წილმა ევროკავშირი რუსეთისა და ბელარუსის მოსაზღვრე ბალტიის ქვეყნებიდან დატოვა.
საქონელი 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიგზავნა, როდესაც ევროკავშირისა და სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის ვაჭრობამ, რომლებიც ახლა რუსეთთან ეკონომიკურ გაერთიანებაში არიან, უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია.
ეს მაჩვენებლები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სანქციებს თავს ვაჭრობაში საშუალო რგოლის - აგენტებისა და მიმწოდებლების მიერ დეკლარაციების შევსებისას ყალბი დანიშნულების ადგილების მითითებით არიდებს. ამ ტექნიკამ საშუალება მისცა რუსეთს, შეენარჩუნებინა წვდომა იმგვარ ევროპულ პროდუქტებზე, როგორებიცაა საავიაციო კომპონენტები, ოპტიკური აღჭურვილობა და გაზის ტურბინები.
მონაცემების მიხედვით, ზოგიერთი კონკრეტული კატეგორიის საქონლისთვის - გაზის ტურბინების, შესადუღებელი უთოებისა და რადიომაუწყებლობის აპარატების ჩათვლით - ევროკავშირიდან გაგზავნილ თითქმის არცერთ პროდუქტს არ მიუღწევია სავარაუდო დანიშნულების ადგილამდე.
ეს მონაცემები ხაზს უსვამს სირთულეს მცდელობებისა, შეიზღუდოს რუსეთის წვდომა სენსიტიურ საქონელზე, მაშინაც კი, როდესაც ეს ნივთები ექვემდებარება შეთანხმებულ შეზღუდვებს G7-ის ქვეყნების მიერ.
დასავლეთის სანქციები რეექსპორტში არსებული ხვრელების ამოვსებას ცდილობს. FT-ის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩრდილოვანი ვაჭრობა, პოტენციურად, რუსეთისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ საყრდენს წარმოადგენს.
თებერვალში ევროკავშირმა აკრძალა ორმაგი დანიშნულების საქონლის რუსეთის გავლით ტრანზიტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს პროდუქცია რუსეთში ვერ მოხვდება მაშინაც კი, თუ ისინი სხვა ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ბალტიის სახელმწიფოებში ეჭვობენ, რომ ამგვარი შეზღუდვა არაეფექტურია.
ლიეტუვამ მოითხოვა უფრო მკაცრი შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონლის ფართო სპექტრზე, განსაკუთრებით, მოწინავე ტექნოლოგიებსა და საავიაციო ნაწილებზე და სურს, შეაჩეროს აკრძალული საქონლის გაგზავნა რუსეთის მოკავშირე ბელარუსშიც.
ესტონელებმა ასევე მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასული ნივთების ტრანზიტის სრულ აკრძალვას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ორმაგი დანიშნულების საქონელს, არამედ სანქციებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საქონლის სხვა კატეგორიებსაც.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის მთლიანი ვაჭრობის გათვალისწინებით, EU-სა და ყაზახეთს შორის 2.9 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაუჩინარდა. 2021 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე კი ეკვივალენტური მაჩვენებელი 450 მილიონი დოლარი იყო.
მონაცემები მიუთითებს შესაძლო გრძელვადიან პრობლემებზე ტრანზიტის წესების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. რუსეთი სანქციებს მას შემდეგ დაექვემდებარა, რაც ის 2014 წელს შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, ეს კი ქვეყანას უქმნის სტიმულს, სატრანზიტო წესებს თავი აარიდოს.
ლიეტუვაში ამბობენ, რომ ომამდე 13 თვეში ყაზახეთში 28 მილიონი დოლარის ორმაგი დანიშნულების საქონელი გაიგზავნა, მაშინ როცა ყაზახებმა მხოლოდ 9 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია მიიღეს.
2022 წლის ომმა კი მნიშვნელოვნად გაზარდა ნაკადების ზომა. ომის დაწყებიდან 13 თვის განმავლობაში, ლიეტუვის მონაცემებით, 84 მილიონი დოლარის ამგვარი საქონელი გაიგზავნა ყაზახეთში, რომელმაც მხოლოდ 11 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი მიიღო.