თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია "ტავ ჯორჯია" რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ მიწისზედა მომსახურებას არ გაუწევს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „აზიმუტს“ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" მოემსახურება.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" 2023 წლის 21 აპრილს დაფუძნდა. კომპანიის 60%-იან წილს დავით კვარაცხელია, 40%-იან წილს კი დავით წივწივაძე ფლობენ.
საკითხთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი" თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ კომპანიას დაუკავშირდა, სადაც ამბობენ რომ ზოგადად ფრენებზე ნებართვის გაცემა არ არის მათი კომპეტენცია. რაც შეეხება კონკრეტულად მიწისზედა მომსახურებას, „აზიმუტს“ არა თავად „ტავი“, არამედ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" გაუწევს.
„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ განმარტავს, რომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვის გაცემა ავიაკომპანიებზე მის კომპეტენციას არ განეკუთვნება.
აღნიშნულ ნებართვებს გასცემს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანიებს აწვდის სხვადასხვა სერვისს, მათ შორისაა მიწისზედა მომსახურება (ე.წ Ground Handling). მედიასაშუალებების ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას განახორციელებს კომპანია Aero Handling Georgia" - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტოს მიერ ავიაემბარგოს მოხსნის გადაწყვეტილების შედეგად, ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელების შესაძლებლობა 15 მაისიდან მიეცათ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ავიარეისებზე ნებართვა 2 კომპანიაზე უკვე გასცა. დღეიდან ფრენებს რუსული „აზიმუტი“ იწყებს, კვირაში 7-ჯერ, 20 მაისიდან კი რეისებს „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს, ესეც კვირაში 7-ჯერ.
იხილეთ ასევე: რა ეღირება მოსკოვი-თბილისის პირდაპირ ფრენებზე ბილეთები