მინდა, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ყველა მოქალაქეს აქტიური სკრინინგისა და დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობისკენ მოვუწოდო, რათა ერთად შევძლოთ 2025 წლისთვის, უპრეცედენტო შედეგის - C ჰეპატიტის ელიმინაციის საქართველოში მიღწევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა, დეპუტატებს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები გააცნო და აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგად, უკვე 80 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.
„გასულ წელს, კიდევ ერთხელ საერთაშორისო საზოგადოების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევების აღიარება მოხდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მიენიჭა, რაც მას საშუალებას აძლევს, ქვეყანაში, დანერგილი მოდელი სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და სრული მკურნალობა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.