„საქართველოს ბაზარი რუსი ტურისტების გარეშეც ისეა გაჯერებული, მათ დასჭირდებათ იპოვონ ცარიელი ადგილები და ის ამოავსონ“

„რუსეთიდან ავტობუსის ტურები რომ შემოვიდეს, მას სჭირდება განთავსება, მომსახურება, ჩვენ კი მათ გარეშეც კარგი ნაკადი გვაქვს, დაახლოებით 70-80% სასტუმროებში უკვე დაჯავშნილია,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ჰოტელიერმა, „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტმა რომ საქართველოში ტურისტულ სექტორზე გავლენა იქონიოს, ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

„რუსეთთან ფრენების საკითხზე, განცხადება რამდენიმე დღის წინ გაკეთდა, შესაბამისად, ტურიზმზე ამას რომ ეფექტი ჰქონდეს გარკვეული პერიოდი დასჭირდება. თუნდაც ის ბორტები რაც დადგა, უფრო ვვარაუდობ რომ იქნება ინდივიდუალური ჯავშნები და გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდება იქიდან მასობრივად ტურისტული პაკეტების გაყიდვა. ამას დაახლოებით თვე - თვენახევარი მაინც დასჭირდება,“- აღნიშნა მურაჩაშვილმა.

მანვე რუსეთიდან ავტობუსის ტურების აღდგენის ალბათობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორს რუსი ტურისტების გარეშეც ძალიან კარგი მოლოდინები აქვს.

„ბელარუსიდან ტურები ავტობუსებით უკვე ხორციელდება, თან წლებია. რაც შეეხება რუსეთს, იქიდან ავტობუსების ტურები რომ შემოვიდეს, მას სჭირდება განთავსება, მომსახურება, ჩვენ ისედაც კარგი ნაკადები გვაქვს. მოგეხსენებათ, გავრილოვის ამბების გამო იმ პერიოდში ტურიზმმა საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღო, მაშინ სექტორმა მოახერხა და ჩავანაცვლეთ ეს ბაზარი - გალფის ქვეყნებით (ერაყი, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი), ევროპით. აქედან გამომდინარე ჯავშნები სასტუმროებში უკვე არის გაკეთებული. დაახლოებით 70-80% უკვე არის დაჯავშნილი. რაც შეეხება ქვეყნებს, ძალიან აქტიურობს პოლონეთი, ასევე ბელარუსი, გალფის ქვეყნები, ამ ბოლო დროს წამოვიდა მოთხოვნა ინდოეთიდან, რომელსაც სეზონურობა არ ახასიათებს და ძალიან კარგი ბაზარია. ბაზარი ისეა გაჯერებული არა რუსი ტურისტებით, თუნდაც ის ავტობუსის ტურები რომლებიც დაბალბიუჯეტურია, ისინიც რომ შემოვიდნენ მათ დასჭირდებათ ჯერ სასტუმრო დაჯავშნონ, იპოვონ ცარიელი ადგილები და ის ამოავსონ. რუსი ტურისტების გარეშე მოლოდინები ძალიან კარგი გვაქვს,“- აღნიშნა მურაჩაშვილმა.

თაია არდოტელი