ურჩი მდგმურების გამოსახლებას შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ დასჭირდეს. უკვე მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კრედიტორი და დამქირავებელი ხელშეკრულებას პირდაპირ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაარეგისტრირებენ, შესაბამისად, დოკუმენტით განსაზღვრული პირობების დარღვევაზე რეაგირებას სწორედ აღსრულების ეროვნული ბიურო მოახდენს.
აღნიშნული საკითხის შესახებ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემაში "საქმე" ისაუბრა.
„ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრის უფლება ირღვეოდა და ვერ იღებდა საიჯარო შემოსავალს, ამ შემთხვევაში მას უხდებოდა საკუთარი უფლების დაცვისთვის, გრძელვადიანი და ხარჯიანი პროცედურის წამოწყება, სასამართლოსთვის მიმართვა. მეორეს მხრივ, იცით, რომ სასამართლო გადატვირთული იყო საქმეებით და შესაბამისად, ხარისხზე და ვადაზე ეს პირდაპირ მოქმედებდა. ახალი წესი ითვალისწინებს რეგულირებას, რომელიც სხვათა შორის, აპრობირებულია და ითვალისწინებს მარტივ მექანიზმს, რათა მესაკუთრის (იგივე კრედიტორის) ინტერესები იყოს დაცული.
ეს საკანონმდებლო დონეზე რომ უნდა გადაწყდეს, გასაგებია, მაგრამ პროცედურის დონეზე ვისაუბროთ, რა არის გასაკეთებელი. როდესაც ხელშეკრულება იდება, ნასყიდობა იქნება, ქირავნობა თუ ნებისმიერი სხვა ხელშეკრულება, სადაც ფულადი ვალდებულება არის მხარის მიერ შესასრულებელი, აღნიშნული დოკუმენტის რეგისტრაცია ხორციელდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში. აქამდე მსგავსი რამ არ არსებობდა.
რეგისტრაციის შემდეგ, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაირღვა კრედიტორის უფლება, მან ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, დაზარალებული მხარე (ანუ კრედიტორი) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ეუბნება, რომ იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენთან არის რეგისტრირებული, სადაც მხარეების ვალდებულებები განსაზღვრულია, ხელშეკრულება დაირღვა და მე როგორც კრედიტორს, წარმომეშვა აღსრულების უფლება. რა თქმა უნდა, მან უნდა დაასაბუთოს, თუ რაში გამოიხატებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ამ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო ცხადია, პირდაპირ არ გამოსცემს გამოსახლების ბრძანებას. აქ გარკვეული პროცედურებია (თუმცა ეს არის ერთთვიანი პროცედურა საერთო ჯამში), ის აფრთხილებს მეორე მხარეს, რომ ამ მოსაზრების (კრედიტორის ბრალდების) საწინააღმდეგოდ, წარადგინოს ნებისმიერი დოკუმენტაცია, გადახდის ქვითარი, მიღება ჩაბარების აქტი, არ აქვს მნიშვნელობა, რითაც დაადასტურებს, რომ კრედიტორის მოთხოვნა არ არის სწორი. თუ ამგვარი დოკუმენტი არ იქნება წარდგენილი, დაახლოებით, 15 დღეში გამოიცემა აღსრულების ბრძანება“,- განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.