Azimuth-ის თვითმფრინავებს სანავიგაციო ჩავარდნები აქვს, პრობლემას Red Wings-იც აღიარებს - რუსული მედია

რუსულმა „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ 100-ადგილიანი რუსული თვითმფრნავის, Sukhoi Superjet 100-ის (SSj-100) ექსპლუატანტი ძირითადი ავიაკომპანიები სანავიგაციო სისტემას უჩივიან.

ისინი აცხადებენ, რომ თვითმფრინავში ჩაშენებულ სანავიგაციო ბაზას ჩავარდნები აქვს და არასრულ ინფორმაციას იღებენ.

საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წლის გაზაფხულიდან ფრანგულმა Thales-მა სანქციების გამო რუსეთისთვის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შეწყვიტა, რუსეთის ავიამშენებელი კორპორაცია „ირკუტი“ SSj-100-ის წარმოებაში სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური კომპანია „ავია-ბრიფინგის“ მონაცემთა ბაზას იყენებს. „ავია-ბრიფინგი“ აერონავიგაციურ მონაცემთა ბაზის შემუშავების სფეროში საქმიანობს, რომელიც სანქციების შემდეგ ქვეყანაში ერთადერთი მიმწოდებელი გახდა.

ავიაკომპანია Rossiya, რომელიც SSJ-100 თვითფრინავების უმსხვილესი ექსპლუატანტია, სისტემის შეცვლას ალტერნატიული სანავიგაციო ბაზით მოითხოვს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საჰაერო მოძრაობის მართვის სახელმწიფო კორპორაციასთან არსებულმა აერონავიგაციის საინფორმაციო ცენტრმა შეიმუშავა. თუმცა „ირკუტმა“ ავიაკომპანიას შეახსენა, რომ სახელმწიფო კორპორაციის პროგრამა ჯერ არ არის დამოწმებული.

„კომერსანტმა“ SSJ-100-ის პილოტები გამოკითხა, რომლებმაც შიდა ნავიგაციის მუშაობაში პერიოდული ჩავარდნები დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ Rossiya Airlines-ის მიერ დასახელებულ სანავიგაციო პრობლემას ავიაკომპანია Red Wings-იც აღიარებს, რომელიც საქართველოში შემოდის და 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით სოჭი-თბილისი-სოჭის, ასევე, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. Red Wings, ასევე, წამყვანი ავიაკომპანია Gazprom-Avia სანავიგაციო სისტემის პრობლემას რომ ადასტურებენ, ამის შესახებ „როსავიაციაში“ აპრილში გამართული თათბირის ოქმშიც წერია, რომელიც „კომერსანტმა“ მოიპოვა.

ჩაშენებული სანავიგაციო მონაცემთა ბაზა აფასებს თვითმფრინავის ადგილმდებარეობას, მათ შორის ინერციული სისტემების გამოყენებით, ამიტომ ის ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე პლანშეტების ელექტრონული რუქები. ამასთან, სისტემა ავტოპილოტთანაც ურთიერთქმედებს. საჰაერო ხომალდის სანავიგაციო მონაცემთა ბაზა ფრენის დაგეგმარებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, ინფორმაციას მარშრუტის პუნქტების, აეროპორტების, ასაფრენი ბილიკებისა და მოწყობილობებით დაშვების რეჟიმში გადასვლის პროცედურის შესახებ.

მფრინავების უმეტესობის აზრით, სანავიგაციო მონაცემთა ბაზის უზუსტობები ან გათიშვა ხელით რეჟიმში მაჩვენებლების კორექტირებით ნიველირდება.

ცნობისთვის: რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines, რომელიც მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისს 19 მაისიდან ასრულებს, ფლოტში მხოლოდ SSJ-100 მოდელის თვრამეტ ერთეულ თვითმფრინავს ფლობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ