როგორ დავიცვათ თავის გახშირებული კიბერთაღლითობისგან, ამის შესახებ კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა მაქსიმ იავიჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ ისაუბრა.
მან ყურადღება ჰაკერების ქცევაზე გაამახვილა და განმარტა, თუ როგორ მოიპოვებენ ისინი მოქალაქეების პირად მონაცემებს.
„მაგალითად, ადამიანს უნდა, თავის გადახდის სისტემაში შესვლა, ბანკი, კრიპტო ბირჟა და სხვა. უნდა აკრიფოს მისამართი, მაგრამ ბევრ ადამიანს რატომღაც ეს ეზარება და ასეთი მავნე ჩვევა აქვს, თვითონ კრიპტო ბირჟის (ან ბანკის) სახელს წერს საძიებო სისტემაში. თავისთავად ამოვარდება ეს საიტი და დავაჭერთ, მაგრამ რას აკეთებენ ჰაკერები, ისინი იგივე სახელებით ქნიან სხვა საიტებს და ამას უშვებენ ფასიან რეკლამაში. შედეგად, როდესაც ჩვენ ამას გავუშვებთ (საძიებო სისტემაში ჩავწერთ), პირველ რიგში ფასიანი რეკლამა ამოვარდება. ვიცით, რომ მინიმალური უსაფრთხოების მოთხოვნა არის ორ ფაქტორიანი ავტორიზაცია. ანუ მობილურზე უნდა მოგვივიდეს პინი. შედის ადამიანი ამ ყალბ საიტზე, შეჰყავს თავისი მონაცემები, პაროლი, შეჰყავს მობილური და ეგზავნება შეტყობინება, მას ეს კოდი შეჰყავს ყალბ საიტზე, ამ დროს ჰაკერი შედის ნამდვილ საიტზე, მისი მონაცემებით, ფულს მოხსნის ანგარიშიდან, მომხმარებელს კი უწერს, რომ დროებით სერვისი შეზღუდულია, სცადე 15 წუთში. როდესაც ეს ადამიანი 15 წუთის შემდეგ შევა რეალურ საიტზე, მას ფინანსები აღარ დახვდება.
ამიტომ აუცილებელია, რომ მისამართი დავწეროთ address bar-ში და არა საძიებო სისტემაში“,- განაცხადა კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა.