საქართველოში შესაძლოა, მზესუმზირის ზეთი გაიაფდეს. ამის მიზეზი რუსული პროდუქტის გაიაფებაა. კერძოდ, როგორც ცნობილია, რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ივნისში განულდება, მაშინ, როცა მაისში ტონაზე 1,122 რუბლს (14 დოლარს) შეადგენდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა უჯდება საქართველოს ზეთის იმპორტი.
საქსტატის მონაცემებით, წელს 4 თვეში, საქართველომ ჯამში 9,965 ტონა (12,581 მლნ აშშ დოლარის) მზესუმზირის ზეთი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,794 ტონა (6,381 მლნ აშშ დოლარის).
ამასთან, წელს, ისევე როგორც გასულ წელს, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც პროდუქტის 89%, კერძოდ, 8 872 ტონა (10,935 აშშ დოლარი) შემოვიდა. გამოდის, ქვეყანას 1 ლიტრი რუსული ზეთის იმპორტი 1,23 დოლარი დაუჯდა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტს, უკრაინისგან ქვეყანამ წელს 933.2 ტონა (1,370 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, ანუ 1 ლიტრი დაახლოებით, 1,47 აშშ დოლარი ღირდა.
შემდეგია აზერბაიჯანი, საიდანაც 72.8 ტონა (126.1 ათასი ლარი) ზეთი შეიძინა, შესაბამისად, 1 ლიტრში 1,73 აშშ დოლარი გადაიხადა.
ამავე წელს ქვეყანამ ბელარუსიდან 50 ტონა (74.7 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა და გადაიხადა 1 ლიტრში 1,49 აშშ დოლარი.
ხოლო, თურქეთიდან 31.1 ტონა პროდუქტში 55.2 ათასი აშშ დოლარი, ანუ, 1 ლიტრში 1,77 აშშ დოლარი გადაიხადა.
ზეთის იმპორტის დანარჩენი მცირედი მოცულობები იტალიაზე, საფრანგეთზე, გერმანიაზე, აშშ-ზე, პოლონეთსა და ბელგიაზე ნაწილდება.