ოზურგეთის მერის, მერიის უყურადღებობის, უპასუხისმგებლობის გამო, 90 აღსაზრდელი სამი თვეა, ბაღში ვერ დადის - მოვითხოვთ, მერმა კეთილი ინებოს და მოაგვაროს ეს პრობლემები, იზრუნოს ხალხზე და შეასრულოს მისი ვალდებულებები! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ნატანების საბავშვო ბაღი სამი თვეა დაკეტილია იმის გამო, რომ ქარმა სახურავი გადახადა და შენობაში წყალი ჩავიდა.
„ბიძინა ივანიშვილის "რუსული ოცნება" რომ ხალხის პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ადამიანების ძარცვით და რუსული ინტერესების გატარებით არის დაკავებული, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამის ნათელი მაგალითია ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, რომელიც არის კორუმპირებული, ქურდი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, ღარიბაშვილის დაფინანსებულად ასაღებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ნატანების საბავშვო ბაღში, რომელიც მესამე თვეა დაკეტილია იმის გამო, რომ ქარმა სახურავი გადახადა და შენობაში წყალი ჩავიდა. მერის, მერიის უყურადღებობის, უპასუხისმგებლობის გამო, 90 აღსაზრდელი სამი თვეა, ბაღში ვერ დადის. სოფელს ჰყავს მაჟორიტარი დეპუტატი, რომელსაც არც ერთხელ აღნიშნულ პრობლემაზე არ უსაუბრია. სოფელს ჰყავს გამგებელი, რომელსაც პარადოქსია, მაგრამ 4 თანაშემწე ჰყავს. უმძიმესია რეალობა ოზურგეთის სხვა ბაღებშიც: სოფელ გურიანთის საბავშვო ბაღში 3 წელზე მეტია სახურავი დაზიანდა და იმის გამო, რომ წყალი ჩავიდა, ბავშვებს საწოლები აღარ აქვთ, ვერ აძინებენ ელემენტარულად. სოფელ კონჭკათის ბაღი, ძველ კერძო სახლშია განთავსებული, ბავშვებისთვის საფრთხის შემცველ პირობებში. სოფელ მერიის საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაშია საერთოდაც განთავსებული, სრულიად შეუსაბამო პირობებით ბაღისთვის. მოვითხოვთ მერისგან, კეთილი ინებოს და მოაგვაროს ეს პრობლემები, იზრუნოს ხალხზე და შეასრულოს მისი ვალდებულებები!“ - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.