როდის აშენდა, რა მასშტაბისაა და რა მოცულობის ენერგიას გამოიმუშავებს რუსების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰესი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის თანახმად, ჰიდროელექტროსადგური რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ ააფეთქა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ცნობით, კახოვკის ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლების დატბორვის საფრთხე არსებობს. ამ დროისთვის ათზე მეტი დასახლება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიტბორა. მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე კრიტიკულ ზონაში დაახლოებით 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

„უკრჰიდროენერგოში” აცხადებენ, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ადრინდელი სახით ვერ აღდგება, რადგან სამანქანო დარბაზის აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია.

როდის აშენდა, რა მასშტაბისაა და რა მოცულობის ელენერგიას გამოიმუშავებს კახოვკის ჰესი?

ნეპოროჟნის სახელობის კახოვკის ჰესი ხერსონის ოლქის ქალაქ ახალი კახოვკიდან ("ნოვაია კახოვკადან") 5 კილომეტრში მდებარეობს. ის დნეპრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მეექვსე, ანუ ქვედა და ბოლო საფეხურს წარმოადგენს. ჰესი სამხრეთ უკრაინის რეგიონებისთვის ელექტროენერგიას, სარწყავ და წყალმომარაგებას, ხოლო ხერსონიდან ზაპოროჟიემდე ნავიგაციას უზრუნველყოფს.

ჰიდროკვანძის მშენებლობამ მდინარე დნიპროში წყლის დონე 16 მეტრამდე აწია, რის შედეგადაც 18,19 კმ³ მოცულობის კახოვკის წყალსაცავი ჩამოყალიბდა. სადგურის დადგენილი ჯამური სიმძლავრე 334,8 მეგავატია (6x55,8 მეგავატი), ხოლო წელიწადში, საშუალოდ, 1420 მლნ კვტ/სთ ელექტორენერგიას გამოიმუშავებს.

რაც შეეხება კახოვკის კომპლექსის პარამეტრებს, ჰიდროელექტროსადგურის სიგრძე 3850 მ, წყლის მაქსიმალური დაწნევა 16,5 მ, ხოლო წყლის მაქსიმალური გამტარუნარიანობა არის 21400 მ³ წამში. წყალსაცავის საერთო მოცულობა 18,2 კმ³-ს შეადგენს.

2021 წლიდან კახოვკის ჰესში 251 ადამიანი მუშაობს.

კახოვკის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა 1950 წლის სექტემბერში დაიწყო. პირველი ტურბინის მონტაჟი 1954 წლის აგვისტოში დაიწყო და 1955 წლის 18 ოქტომბერს დასრულდა. ეს დღე სადგურის "დაბადების დღედ" ითვლება. 1956 წლის 13 ოქტომბერს ბოლო, მეექვსე ჰიდროაგრეგატი ამუშავდა, ხოლო 1959 წლის 19 ოქტომბერს კახოვკის ჰესი სამრეწველო ექსპლუატაციაში 312-მეგავატიანი დადგენილი სიმძლავრით შევიდა. 1996 წლიდან დაწყებული რეკონსტრუქციისა და მოწყობილობების გამოცვლის შემდეგ კახოვკის ჰესის დადგენილი სიმძლავრე 334,8 მეგავატია.

ელექტროსადგურის მშენებლობისა და მომსახურებისთვის ქალაქი, ახალი კახოვკა ("ნოვაია კახოვკა") აშენდა. ჰიდროკომპლექსის მშენებლობაზე 12 ათასი ადამიანი მუშაობდა. ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის გამოჩენილი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის, პიოტრ სტეპანოვიჩ ნეპოროჟნის სახელი ეწოდა.

ჰესის ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე სარკინიგზო და საავტომობილო გადასასვლელებია. ჰიდროელექტროსადგურის რაიონში არის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქში დნიპროზე არსებული სამი გადასასვლელიდან ერთ-ერთია ანტონოვსკის საავტომობილო ხიდთან და ამავე სახელწოდების სარკინიგზო ხიდთან ერთად. 2022 წლის ნოემბერში, მდინარის მარჯვენა სანაპიროდან რუსეთის უკან დახევის დროს რუსებმა დნიპროს გასწვრივ შვიდი ხიდი, მათ შორის კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე გამავალი ხიდიც ააფეთქეს.

2022 წლის თებერვლის ბოლოდან სადგური რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დაიპყრეს, რომლებიც ხერსონის ოლქს რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან დაესხნენ თავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ