ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ინდ. მეწარმედ რუსეთის 18 822 მოქალაქე დარეგისტრირდა - რომან გოცირიძე

დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა არის შემცირებული ისტორიულ მინიმუმზე - ისევე, როგორც სიღარიბე - ამის შესახებ გუშინ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას სტატისტიკით მანიპულირებას უწოდებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

რადიო „პალიტრასა" და „პალიტრანისის" გადაცემაში „საქმე" გოცირიძე ამბობს, რომ მის მიერ საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკით 2022-2023 წლებში საქართველოში ინდ. მეწარმედ უცხო ქვეყნის 26 00-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც ასევე ითვლებიან ქვეყანაში დასაქმებულად და ისინიც ამ სტატისტიკის ნაწილი არიან.

„რეალურად, ვინ დასაქმდა საქართველოში, ეს ჩანს ჩაშლილ სტატისტიკაში. დანარჩენი, რიცხვებით მანიპულირებაა. საქართველოში, დასაქმებისას არ განსაზღვრავენ, რომელი ეროვნებისაა - ქართველი, რუსი, თუ ყივჩაღი. სტატისტიკა ერთიანია.

სულ ბოლო სტატისტიკა, რომელიც სულ ახლახან გამოვითხოვეთ, ასეთია - ინდ. მეწარმედ 2022-2023 წლის აპრილამდე რუსეთის 18 822 მოქალაქე დარეგისტრირდა, უკრაინის 6 888, ხოლო ბელარუსის 1 495. იქ სხვებიც არიან ცოტა ირანელი და ა .შ. სულ 26 405 ადამიანი დარეგისტრირდა ინდ მეწარმედ. არაფერს ვამბობ იმაზე, შპს რამდენმა შექმნა, მიწა და ბინა რამდენმა იყიდა და ა.შ. ამ ადამიანებს, ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ უმუშევრობის მინიმალიზებაში შეაქვთ წვლილი.

მათი დიდი ნაწილი რეგისტრირდება იმიტომ, რომ საბანკო ანგარიში სჭირდებათ, სხვადასხვა სექტორებში დისტანციურად არიან დასაქმებული სხვა ქვეყნებში, საქართველოში კი არაფერს აკეთებენ, მოგეხსენებათ, ინდ მეწარმე 100 000 ლარამდე შემოსავლის მიღებისას გადასახადის სახით მხოლოდ 1%-ს იხდის. აი, ეს არის ის სამუშაო ადგილები, რომელიც ღარიბაშვილმა „შექმნა". პრემიერ-მინისტრის მიერ ნაქებ დასაქმებას თუ ამ ადამიანებს დაუმატებ და კიდევ იმ 10 000 სოციალურად დაუცველს, რომელიც თითქოს დაასაქმეს, ეს 33 000 ადამიანია. მე ამ შემთხვევაში მხოლოდ სტატისტიკით მანიპულირებაზე ვსაუბრობ და არა იმ გაზრდილ რისკებზე, რომლის წინაშეც ვდგავართ" - განაცხადა გოცირიძემ „საქმეში".

თამარ მუკბანიანი