შეხვედრა „ორჰუსის კონვენცია: საზოგადოების ეფექტური მონაწილეობა კარგი მმართველობის, ჯანსაღი გარემოსა და მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა

ტაშკენტში „ორჰუსის კონვენცია: საზოგადოების ეფექტური მონაწილეობა კარგი მმართველობის, ჯანსაღი გარემოსა და მდგრადი განვითარებისთვის“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ორჰუსის კონვენციის მხარე ქვეყნების გარემოს დაცვის სამინისტროებისა და ორჰუსის ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხრიდან ორჰუსის კონვენციის პრინციპების განხორციელების მნიშვნელობის შესახებ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების წარდგენას.

უზბეკეთის რესპუბლიკაში გამართულ შეხვედრაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მდგრადი განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი ნინო გოხელაშვილი მონაწილეობდნენ.

ნინო გოხელაშვილმა, როგორც საქართველოში ორჰუსის კონვენციის ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირმა, პრეზენტაცია წარადგინა ქვეყანაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კონტექსტში ორჰუსის კონვენციის განხორციელებაზე. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ორჰუსის ცენტრების მნიშვნელობაზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინსტიტუციურ მოწყობაზე, გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში მიმდინარე პროგრამებსა და ორჰუსის კონვენციის ხელშეწყობაზე გააკეთა მოხსენება.

შეხვედრა ქ. ტაშკენტში (უზბეკეთის რესპუბლიკა) ეუთოს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ უზბეკეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.

NS