რეგულაცია დაგვიანებულია, რადგან ძველი ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობიდან კატალიზატორი უკვე ამოჭრილია - ასე ეხმაურება ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან" პრემიერის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.
როგორც დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან, შესაბამისად, მთავრობა გამოსცემს დადგენილებას, რომლის თანახმადაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.
„კატალიზატორებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული. ამ ეტაპზე შედეგი იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე საორიენტაციო მოლოდინი არსებობს. ძველი ავტომობილები ავტოპარკის 80%-ს შეადგენს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კატალიზატორის გარეშეა. ძველი ავტომობილების კატალიზატორები უკვე ამოჭრილიცაა და გაყიდულიც. გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა მცირე. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს უნდა მომხდარიყო წლების წინ", - განაცხადა ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან".
ცნობისათვის, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე 97 776 545 აშშ დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ჯამში 37 ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა განახორციელა.