სილვიო ბერლუსკონიმ 4 მლრდ ევროს მემკვიდრეობა დატოვა. ინფორმაციას გამოცემა, Corriere della Sera ავრცელებს.
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 12 ივნისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოცემის ცნობით, ბერლუსკონის იტალიაში 10-ზე მეტი ვილა, რამდენიმე ბინა რომსა და მილანში, იახტა, თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჰქონდა. ამასთან, ის მედიაჰოლდინგ Fininvest-ის ერთ-ერთი მფლობელი იყო, რომლის პრეზიდენტიც პოლიტიკოსის ქალიშვილი, მარინაა. თავად ბერლუსკონი აქციების 61%-ს ფლობდა, დანარჩენი კი მის ხუთ შვილს ეკუთვნის.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერლუსკონი ბიზნესიდან დღეში 170 ათას ევროს იღებდა, ხოლო კომპანიის სუფთა შემოსავალმა 2021 წელს, თითქმის, 5 მლრდ ევრო შეადგინა.
ყოფილი პრემიერი, ასევე, ფლობდა საფეხბურთო კლუბ „მონცას” (Monza), ხოლო 2017 წლამდე მას კლუბ „მილანის“ (Milan) აქციების 99,93% ეკუთვნოდა. თუმცა ბერლუსკონიმ „მილანის“ აქციები ჩინურ-ამერიკულ კონსორციუმ Rossoneri Sport Investment Lux-ს 740 მლნ ევროდ მიჰყიდა.
პოლიტიკოსის მემკვიდრეობა, ასევე, მოიცავს ინვესტიციებს ფინანსურ ციფრულ კომპანიებში, Satispay-სა და Soldo-ში.
ჟურნალმა Forbes-მა ბერლუსკონის ქონება 7 მლრდ დოლარად შეაფასა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ