2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლის ჩათვლით გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. 2025 წლის პირველი იანვრიდან კი, ავტობუსებისა და სხვა, 10 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებების - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გუშინ განაცხადა.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან" გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოსავალი საწვავზე აქციზის შემცირება და მძღოლებისთვის ავტომობილების შესაცვლელად დროის მიცემაა და არა ხელოვნური შეზღუდვები.
„ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს ფასების ზრდას. გარკვეულწილად ეს არის ხელოვნური შეზღუდვა, რაც გაზრდის ფასებს. მეორეს მხრივ, არ შემოვა მეორადი ავტომობილები და ეს დეფიციტურს გახდის ძველი ავტომობილის ნაწილებს.
ახალი ავტომობილების პარკის შექმნას და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შემცირებას, რეალურად მინიმუმ 10 წელი დასჭირდება იმ ტემპით, რა ტემპითაც ჩანაცვლება ხდება. შესაბამისად, მიზეზი რაც დასახელდა, რომ სუფთა ჰაერი გვინდა, ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივაა. ანუ, პრობლემა ძველი ავტომობილები კი არა, ამორტიზებული ავტოპარკია. რამდენად ეს ესადაგება მიზნებს, შესაბამისად, გაუგებარია. ჩვენ გუშინ ჩავაბარეთ წერილი პრემიერს ამასთან დაკავშირებით და დეტალურად მოვახსენეთ ჩვენი აზრი, რაშია გამოსავალი და რა გამოიწვევს და ვერ გამოიწვევს სამიზნე შედეგზე გასვლას. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია, ადამიანი ვერ გამოცვლის და ეცდება შეინარჩუნოს ძველი მანქანა. ძველ ავტომობილებზეც ფასები გაიზრდება. შედეგად ვერ მივიღებთ სწრაფი ტემპით ვერც სუფთა ჰაერს და ვერც ახალ ავტოპარკს. ყველაზე მარტივი გამოსავალია, აქციზის გადასახადი დააკლონ და იქამდე, ხალხს ვადა მისცენ ფინანსურად შეძლონ მოქალაქეებმა ავტომობილის შეცვლა.
შეგახსენებთ, პრემიერმა ასევე დააანონსა, რომ საქართველოდან ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.