„მოცვის ფასები ჯერ დადგენილი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად 1 კილოგრამის ღირებულება დაახლოებით 6-8 დოლარია, დიდი ალბათობით, მაღალი ფასები დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ძალიან კარგ მოსავალს ველოდებით“, - განაცხადა შპს „ჯორჯიან მეკოს“ დირექტორმა კოტე თავაძემ.
მისი თქმით, მოსავლის აღება 20 ივნისიდან დაიწყება, ამჟამად კი წინა მოსამზადებელი პერიოდია.
„ჩემი ახალი ბაღებიდან 12-დან 14 ტონამდე მოცვს ველოდები“, - განაცხადა მან და დაამატა, რომ უხვი მოსავალი ფასზეც აისახება.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, კოტე თავაძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ძირითადად აზიური ბაზრიდან მოდის.
მისი თქმით, დაახლოებით 150 კილოგრამი მოსავალი საცდელად დუბაიში გაიგზავნა, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, მოცვის სრულმასშტაბიანი ექსპორტი სწორედ ემირატებში მოხდება.
„რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მოთხოვნა აქ არც ისე მაღალია. მყიდველები ძირითადად ტურისტები არიან. მოცვს ასევე მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტებს ვაბარებთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის კომპანია მოცვის 2 და 3 ჰექტარიან პლანტაციებს ფლობს.