რუსული მზესუმზირის ზეთის საშუალო FOB-ფასი მსოფლიო ბაზარზე ივნისის დასაწყისისთვის ტონაზე 740 დოლარამდე დაეცა და 2020 წლის მაისის დონეს მიუახლოვდა. ამის შესახებ აგროანალიტიკურ ცენტ Sovecon-ის ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც „კომერსანტი“ ავრცელებს.
ამასთან, აგრარული ბაზრის კიდევ ერთი კვლევის ინსტიტუტის, IKAR-ის გენერალური დირექტორი, დიმიტრი რილკო რუსული ზეთის გლობალურ ღირებულებას უფრო ნაკლებად, ტონაზე 710-720 დოლარად აფასებს. მისი მონაცემებით, 5-9 ივნისის კვირაში დაბალი მოთხოვნის ფონზე ფასი ტონაზე 710 დოლარზე დაბლა დაეცა, რაც შემდეგ სოიოს ზეთის ღირებულების ზრდამ დააკომპენსირა.
„გაზპრომბანკის“ ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დარია სნიტკო მიიჩნევს, რომ მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ფასები „ფსკერს“ მალე მიუახლოვდება. მისი მონაცემებით, „ტონა მზესუმზირის ზეთი ამჟამად პალმის ზეთზე, საშუალოდ, 19 დოლარით იაფია, რაც არანორმალური ვითარებაა, რადგან მზესუმზირის ზეთი უფრო ხარისხიან პროდუქტად ითვლება. სნიტკო ამბობს, რომ 2017-2020 წლებში ტონა მზესუმზირის ზეთი, საშუალოდ, 650-700 დოლარი ღირდა, ხოლო ხარჯების ობიექტური ზრდისა და ინფლაციის გათვალისწინებით პროდუქტზე დღევანდელი საშუალო ფასი უფრო მაღალი უნდა იყოს. „გაზპრომბანკში“ მიიჩნევენ, რომ მსოფლიო ბაზარზე მზესუმზირის ზეთის მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს.
Sovecon-ის შეფასებით, მიზეზი შესაძლოა, იყოს ბრაზილიაში სოიოს მოსავლის ოპტიმისტური შეფასებები, ნავთობის მსოფლიო ფასების შესუსტება და რუსეთში მზესუმზირის მოსავლის კარგი პერსპექტივა. სეზონის დასაწყისიდან, ანუ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის მაისამდე რუსეთმა 6 მილიონი ტონა მცენარეული ზეთი აწარმოა, მათ შორის 4,3 მილიონი ტონა მზესუმზირის ზეთი იყო, მაშინ, როცა წინა წელს 5,1 მილიონ ტონა მცენარეულ ზეთში მზესუმზირის ზეთი 4 მილიონ ტონას შეადგენდა.
Sovecon-ის მონაცემებით, იმავე პერიოდში რუსეთიდან ნედლი მზესუმზირის ზეთის ექსპორტმა 2,6 მილიონი ტონა, ხოლო წინა სეზონზე, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ჩათვლით, 2,5 მილიონი ტონა შეადგინა.
ამასთან, IKAR-ის შეფასებით, მაისში, მსოფლიო ფასების კლების პირობებში, მზესუმზირის ზეთის ექსპორტის ტემპი, დაახლოებით, 300 000 ტონამდე შემცირდა. ცენტრის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, მიმდინარე სეზონზე ექსპორტი 3,9 მლნ ტონას მიაღწევს, თუმცა ბალანსის თვალსაზრისით საჭიროა, 4,4 მლნ ტონა იქნეს ექსპორტირებული.
წლევანდელ სეზონზე რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის პირველი სამი იმპორტიორი ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ