თბილისის უბნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირი და მოთხოვნადია

2023 წლის მაისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი კვლავ მაღალ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. თბილისში სულ 3 361 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 5%-ით მეტია 2022 წლის მაისთან შედარებით - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში წერია.

მათივე ცნობით, იმავე პერიოდში, კვ.მ-ს საშუალო გასაყიდი ფასი 1 167 დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. გასაქირავებელი ფასის ზრდა კი შენელდა. კერძოდ, აპრილთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 12.6 დოლარი შეადგინა (+45% წ/წ).

ამასთან, კვლევის თანახმად, 2023 წლის მაისში სულ 633 ახალი და 2 728 ძველი ბინა გაიყიდა.

„2023 წლის მაისში, საბურთალო კვლავ პირველ ადგილზეა თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით, ხოლო რიგით მეორე დიდი დიღომია. ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩუღურეთსა და დიდუბეში. ზრდა შეინიშნება ასევე ნაძალადევსა და კრწანისში.

დანარჩენ უბნებში წლიურად კლება დაფიქსირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვები წლიურად თითქმის ყველა უბანში გაიზარდა დიდუბისა (-13%) და ისნის (-9%) გარდა.

foto-bina-1-1686910318.jpg

ვაკე და მთაწმინდა კვლავ გამოირჩევა ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით. 2023 წლის მაისში ვაკეში კვადრატულის ფასმა საშუალოდ 1 900 აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე პერიოდში, თითქმის ყველა უბანში ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების გასაყიდ ფასში. ერთადერთი გამონაკლისი ჩუღურეთი აღმოჩნდა, სადაც ახალი ბინის ფასმა წლიურად 7%-ით იკლო,“ - აღნიშნულია კვლევაში.

foto-bina-2-1686910340.jpg

თაია არდოტელი