ზელენსკიმ Alfa-Bank Ukraine-ის ნაციონალიზაციის კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს Sens-Bank-ის ნაციონალიზაციის შესახებ, რომელსაც 2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე „Alfa-Bank Ukraine“ ერქვა. ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა Telegram-არხზე დაწერა.

„პრეზიდენტმა საბოლოოდ მოაწერა ხელი ჩვენს კანონპროექტს სანქცირებული მფლობელების სისტემური ბანკების ბაზრიდან გასვლის შესახებ,“ - წერს ჟელეზნიაკი.

მისი თქმით, კანონი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, ანუ მიმდინარე კვირას შევა ძალაში, რის შემდეგაც უკრაინის ეროვნული ბანკი ყოფილი Alfa-Bank Ukraine-ის ნაციონალიზაციის პროცედურას დაიწყებს.

უმაღლესმა რადამ ეს კანონპროექტი მაისის ბოლოს მიიღო. დოკუმენტი ითვალისწინებს ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელიც ავალდებულებს ეროვნულ ბანკს, საკრედიტო ინსტიტუტი გადახდისუუნაროდ გამოაცხადოს, თუ მის მფლობელებს უკრაინული და საერთაშორისო სანქციები დაუწესდებათ. ამდენად, მარეგულირებელმა ყოფილი Alfa-Bank Ukraine გადახდისუუნაროდ უნდა გამოაცხადოს და მთავრობას მისი ნაციონალიზაცია შესთავაზოს. მთავრობის თანხმობის შემთხევვაში პროცედურა გამარტივებული სქემით, სახელმწიფოს მიერ დამატებითი კაპიტალიზაციის გარეშე წარიმართება, ანუ ბანკის აქციებს მთავრობა 1 გრივნად შეიძენს.

2022 წლის ოქტომბერში რადამ მიიღო კანონი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების ნაციონალიზაციის პროცედურას ამარტივებს.

ყოფილი Alfa-Bank Ukraine უკრაინის ბოლო მსხვილი ბანკია, რომელსაც რუსი აქციონერები ჰყავს. მიმდინარე წლის იანვარში ბანკი მოგების ოდენობით უკრაინულ ბანკებს შორის მეოთხე ადგილზე იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ