2024 წლიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება.
რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი და ზედაპირულია. მისივე თქმით, ხელისუფლება სტიმულებზე უნდა ფიქრობდეს და არა აკრძალვებზე.
„ტრანსპორტის სისტემა უნდა იქნას ერთიან სისტემაში განხილული. არ შეიძლება იყოს ცვლილებები კონტექსტიდან ამოგლეჯილად. პანაცეა ხომ არ არის, რომ ავტომობილი იყოს ან 2012 წელს ზემოთ ან ქვემოთ? მთავარია, იყოს გამართული. რეგისტრირებული ავტომობილების 51% ტექინსპექტირების ცენტრების მონაცემებითვე ვერ გადის დახარვეზების გარეშე შემოწმებას. პრობლემა ასაკი კი არა, ხარისხია. შესაბამისად, ვთვლი, რომ ეს 10-წლიანი შეზღუდვა ზედაპირულია. ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს ფასების ზრდას. გარკვეულწილად ეს არის ხელოვნური შეზღუდვა, რაც გაზრდის ფასებს.
მეორეს მხრივ, არ შემოვა მეორადი ავტომობილები და ეს დეფიციტურს გახდის ძველი ავტომობილის ნაწილებს. ახალი ავტომობილების პარკის შექმნას და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შემცირებას, რეალურად მინიმუმ 10 წელი დასჭირდება იმ ტემპით, რა ტემპითაც ჩანაცვლება ხდება. შესაბამისად, მიზეზი რაც დასახელდა, რომ სუფთა ჰაერი გვინდა, ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივაა. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ არის გამოსავალი. პროცესების დაჩქარების სტიმულირება სხვა გზებით შეიძლება.
ხშირია შემთხვევა, როცა 2010 წლის ავტომობილი უფრო გამართულია, ვიდრე მაგალითად 2013 წლის. ნებისმიერი ავტომფლობელი დამეთანხმება ან, თუ ვიტყუები საჯარო სივრცეა და გამისწორონ. ყველა ავტომფლობელმა იცის, რომ ნებისმიერ ახალ ჩამოყვანილ ავტომობილს 1 კვირაში საწვავით მომარაგების სისტემის პრობლემა ექმნება. არ არის იმ სტანდარტის საწვავი და ამიტომ. მე მქონია ასეთი პრობლემები, ისევე როგორც ყველას, ვისაც ჩამოჰყავს. არადა, სულ ევრო5 სტანდარტზე ვსაუბრობთ. ეს იმის მაგალითია, რომ ცვლილებები უნდა იყოს რეალური და არა ისეთი, როგორიც ტექინსპექტირების პირველი ტალღა იყო ან ისეთი, როგორიც საწვავის ხარისხის კონტროლია", - განაცხადა ნონიაძემ „საქმეში"