საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

2023 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან რეკორდული ოდენობის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე.

კერძოდ, იანვარ-მაისში ექსპორტმა 415.9 მლნ კვტ.სთ შეადგინა, მიღებულმა შემოსავალმა კი 29.9 მლნ აშშ დოლარი. მსგავსად მაღალი რიცხვები წლის ამ პერიოდში წარსულში არასდროს დაფიქსირებულა.

შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებლები 272.1 მლნ კვტ.სთ და 23.8 მლნ აშშ დოლარი იყო.

სად გადის ელექტროენერგია საქართველოდან? მთავარი იმპორტიორია თურქეთია და მასზე 26.7 მლნ აშშ დოლარი მოდის, შემდეგი კი სომხეთია 3.1 მლნ აშშ დოლარით. აზერბაიჯანისა და რუსეთის წილი მიზერულია.

რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში ქვეყანაში 600.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 1.2 მლრდ კვტ.სთ-ზე 47.9%-ით ნაკლებია.

საგულისხმოა, რომ წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება საგრძნობლად დაბალია და 766.6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა გასულ წელს 34.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია შემოვიდა, იმპორტირებულ ღირებულებაში სხვაობა მაინც მკვეთრია. მიახლოებითი დათვლით, 1 მგვტ.სთ (1 მგვტ.სთ = 1000 კვტ.სთ) ელექტროენერგიის ღირებულება წელს 1.3 აშშ დოლარია, შარშან კი 30.1 აშშ დოლარს შეადგენდა.

საქსტატზე რეექსპორტის მაჩვენებლები არ ფიქსირდება, თუმცა წელსაც ქვეყანაში ელექტროენერგიის მთავარი შემომტანი რუსეთია, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ იმპორტირებული ელექტროენერგია, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, საქართველოს გავლით აფხაზეთში შევიდა.

კახი ჩაკვეტაძე