იანვარ-მაისის შედეგების მიხედვით, საქართველომ რუსეთში ღვინის მიწოდებით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. ამის შესახებ ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებში წერია, რაც „კომერსანტმა“ მოიპოვა.
ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი, იტალიიდან კი 23,36 მლნ ლიტრი ნატურალური ღვინო შევიდა. საქართველოდან წლიური იმპორტი 63%-ით, ხოლო იტალიიდან 31%-ით გაიზარდა. შედეგად, რუსეთში ღვინოების მიწოდებაში საქართველოს წილმა მოცულობით 19,1%-ს, იტალიის წილმა კი 18,5%-ს მიაღწია.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იანვარ-მაისში ღვინის იმპორტი, წლიური თვალსაზრისით, ესპანეთიდან 25%-ით, 20,46 მლნ ლიტრამდე, საფრანგეთიდან 23%-ით, 10,04 მლნ ლიტრამდე, ხოლო პორტუგალიიდან 69%-ით, 9,61 მლნ ლიტრამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ანუ იანვარ-მარტში საქართველო იმპორტის ლიდერ იტალიას ჯერ ვერ უსწრებდა, თუმცა მიმწოდებელ ქვეყნებს შორის ესპანეთს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გავიდა. მაშინ საქართველოდან რუსეთში ღვინის მიწოდება, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 49%-ით, 13,1 მლნ ლიტრამდე გაიზარდა.
ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ში აცხადებენ, რომ საქართველოდან იმპორტი 2022 წლის ბოლოდან იზრდება, რაც გადახდისა და ლოგისტიკის პრობლემების არარსებობამ განაპირობა. კერძოდ, რუსული ქსელები მწარმოებლებთან პირდაპირ კონტრაქტებზე გადავიდნენ, რითიც საშუალება გაუჩნდათ, მომხმარებლებს თაროზე მინიმალური ფასები შესთავაზონ. გარდა ამისა, საინფორმაციო ცენტრ WineRetail-ის შეფასებით, ქართული ღვინოები ნულოვან საიმპორტო გადასახადს ექვემდებარება, ხოლო იტალიიდან მიწოდება შესაძლოა, გადახდებთან დაკავშირებული სირთულეებითა და ვალუტის კურსის ზრდით შეიზღუდოს.
„როსკაჩესტვოს“ გამოცემა „რუსეთის ღვინის გზამკვლევის” მონაცემებით, შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ღვინოების მიმართ ინტერესის შემცირების ფონზე, მეზობელი საქართველოდან წყნარი ღვინოების გაყიდვები ყოველწლიურად 20%-ზე მეტად იზრდება. უწყების ცნობით, საცალო ვაჭრობაში სწორედ ქართული ღვინოები უწევს კონკურენციას რუსულ საშუალოფასიანი კატეგორიის ღვინოებს.
Simple Group-ში წლის ბოლოსთვის ტენდენციის ცვლილებას მოელიან, რადგან, კომპანიის შეფასებით, რუსული ქსელების საკუთარი იმპორტით ბაზარი, ძირითადად, ქართული ღვინოებით ჩასაქონლებულია (გადატვირთულია). კომპანია Ladoga-ში პროგნოზირებენ, რომ საქართველოდან იმპორტის დინამიკა, დაახლოებით, არსებულ დონეზე დარჩება, ხოლო კომპანია AST-ის შეფასებით, ფასების, ოპტიმალური ლოგისტიკისა და გადახდის სიმარტივის გამო საქართველო რუსეთის ფედერაციაში წყნარი ღვინის იმპორტში პირველი ადგილის შენარჩუნებას შეძლებს. მით უმეტეს, AST-ის ცნობით, ინდუსტრია ამჟამად ზოგიერთი ქვეყნიდან ღვინის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, ამ ზომებმა კი შესაძლოა, ბაზარზე ქართული ღვინის გამყარება და წილის გაზრდა გამოიწვიოს.
რაც შეეხება საქართველოდან ადგილობრივი წარმოების ღვინის ექსპორტს, წელს იანვარ-მაისში ქვეყნიდან გავიდა 103,252 მლნ დოლარის ღირებულების 35 568 ტონა ღვინო, აქედან რუსეთში 69,009 მლნ დოლარის ღირებულების 25 235 ტონა. შესაბამისად, გამოდის, რომ მოცულობის მიხედვით რუსეთზე მოდის ქართული ღვინის ექსპორტის 71%, ხოლო თანხობრივად თითქმის 67%.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ