რა ქონებით მიდის ნათია თურნავა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს.

თურნავამ პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც ,,ქართულმა ოცნებამ" ცვლილებები, რომლითაც პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ჩნდებოდა, დაჩქარებული წესით თებერვალში მიიღო. თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა მმართველმა ძალამ ვეტო მიმდინარე თვეში დაძლია და სებ-ის საბჭოს 7 წევრიდან 5-ის მხარდაჭერით თურნავა პირველი-ვიცე პრეზიდენტი გახდა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის და ეროვნული ბანკის მმართველის ქონებრივ მდგომარეობას.

2023 წლის 29 აპრილს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნათია თურნავა ფლობს 1615 კვ.მ მიწის ნაკვეთს მცხეთაში, რომელიც 2016 წელს აჩუქეს. 2020 წელს, თურნავამ ასევე ჩუქებით მიიღო ბინა ბათუმში. მანამდე, 2003 წელს, საჩუქრად მიიღო 130.7კვ.მ ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, დედაქალაქში.

დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავას მეუღლის სახელზეა: 4 მიწის ნაკვეთი თბილისსა და ლაგოდეხში, რაშიც ჯამურად, 225 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. გარდა ამისა, ბინა ბათუმში, რომელიც 2017 წელს 69 880 აშშ დოლარად შეიძინა და 63,3 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც ჩუქებით გადაეცა. ნათია თურნავას მეუღლეს ეკუთვნის 380 კვ.მ. დაუმთავრებელი მშენებლობაც თბილისში, რაშიც უკვე გადახდილია 239 746 აშშ დოლარი. ასევე, მსუბუქი ავტომობილი Mercedes Benz ML class 2011, რომელიც 2011 წელს 43 000 აშშ დოლარად შეიძინა. თავად ნათია თურნავაზე კი, რეგისტრირებული ავტომობილი არ არის.

დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის 15%-იანი მეწილე, მისი მეუღლე კი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს კავკასუს მენეჯმენტ კონსალტინგის 50%-იანი წილის მფლობელი.

რაც შეეხება სახელფასო სარგოს, 2022 წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით თურნავამ 36 728 ლარი მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ სებ-ში თურნავა მხოლოდ ივნისიდან მივიდა. ხოლო იქამდე, 2022 წლის 2 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, სადაც საანგარიშო პერიოდში, 7 180 ლარი მიიღო. თურნავას მეუღლეს კი, რუსთავის აზოტში, მრჩევლის პოზიციაზე 167 152 ლარი აქვს მიღებული 1 წელში. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, tbc ბანკის ანაბარზე ნათია თურნავა 179 000 დოლარს ფლობდა. ქონების გადასახადის სახით კი, გასულ წელს თურნავამ, 9 538 ლარი გადაიხადა.

თამარ მუკბანიანი