2, 15 და 19 ივნისის შემდეგ, რუსულმა Red Wings-მა საქართველოში ფრენების დაწყების ახალ თარიღად 26 ივნისი დაასახელა. როგორც ტელეგრამ-არხზე „საქართველოს საზღვარი“ ვრცელდება ინფორმაცია, კომპანია ფრენებს სოჭისა და მოსკოვის აეროპორტიდან განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ 26 ივნისიდან კომპანია ფრენებს სოჭი-თბილისის მიმართულებით აანონსებს, ქუთაისის თარიღები კი ჯერ ისევ უცნობი რჩება.
ავიაკომპანია ბილეთების გაყიდვების დაწყების თარიღისა და არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ კიდევ არ აკეთებს. რუსულ მედიასთან კომპანიის ანონიმური წყარო მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ფრენები გადადება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გამო მოხდა, რადგან ამ უკანასკნელმა პირდაპირ რეისებზე ნებართვა არ გასცა.
ცნობისთვის: Red Wings-ს სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირება 2 ივნისიდან, კვირაში სამი სიხშირით უნდა დაეწყო. ფრენებისთვის აუცილებელი ნებართვა რუსულ ავიაკომპანიას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 18 მაისს მიანიჭა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს მოხსნის შესახებ განკარგულება ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გასცა.
ამ დროისთვის, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს კომპანიები „აზიმუტი“ და Georgian Airways- ი ახორციელებენ.