საქართველოში იპოთეკური სესხები იაფდება?! - როგორია მაჩვენებლები ევროპის ქვეყნებში

ევროპაში იპოთეკური სესხები ძვირდება, ხოლო მარტის მდგომარეობით განაკვეთის მხრივ უკრაინა ლიდერობს, სადაც ეს მაჩვენებელი 13,4%-ს შეადგენს. მაისში იპოთეკური სესხები წინა წელთან შედარებით მცირედით გაზრდილია საქართველოშიც, თუმცა აპრილთან შედარებით შემცირებული.

კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 12,53%-ს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 0,31%-ით ნაკლებია (12,84%), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 0,05%-ით მეტი (12,48%).

რაც შეეხება ისევ ევროპას, ცენტრალური ბანკების მონაცემების ანალიზის მიხედვით, რომელსაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს, უკრაინას მოსდევს მოლდოვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და რუსეთი. ამასთან, რეიტინგის ზოგიერთმა ლიდერმა წლის დასაწყისიდან საბინაო სესხებზე განაკვეთების შემცირებას მიაღწია. კერძოდ, მოლდოვა, უნგრეთი და პოლონეთი მართალია, იპოთეკური სესხების ღირებულებით ლიდერებს შორის რჩებიან, თუმცა საშუალო განაკვეთი ამ ქვეყნებში ორი თვეა, რაც მცირდება.

ევროპაში იპოთეკის საშუალო განაკვეთი ყველაზე მაღალი შემდეგ ქვეყნებშია:

  • უკრაინა - 13,4%, რაც რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
  • მოლდოვა - 12,03%
  • უნგრეთი - 10,52%
  • პოლონეთი - 8,9%
  • რუმინეთი - 8,4%
  • რუსეთი - 8,18%

იპოთეკის განაკვეთი 6-დან 8%-მდე დიაპაზონში დადგინდა ლიეტუვაში, დანიაში, ლატვიაში, ესტონეთში, დიდ ბრიტანეთში, სლოვენიაში, კვიპროსსა და ალბანეთში.

რაც შეეხება საბინაო სესხებზე ყველაზე დაბალ განაკვეთს, ამ მხრივ ლიდერობენ შვეიცარია, ხორვატია, ბულგარეთი და საფრანგეთი, სადაც მაჩვენებელი 2,4-2,9%-ის ფარგლებშია. ადრე ევროპაში ყველაზე იაფი, 2,4%-იანი იპოთეკური სესხით მალტა გამოირჩეოდა, თუმცა გასული ზაფხულის ბოლოს ყველაზე იაფი, 1,36%-იანი განაკვეთი ლუქსემბურგში, ხოლო დეკემბერში 2,1%-ით საფრანგეთში დაფიქსირდა. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში იმავე საფრანგეთში იპოთეკური განაკვეთი 2,3%-ს შეადგენდა.

ევროპის სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში საშუალო განაკვეთები კვლავ მრავალწლიან, ზოგჯერ კი ისტორიულ მაქსიმუმზეა. მაგალითად, გერმანიაში, შვედეთში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, ფინეთში, სლოვენიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრიაში განაკვეთებმა 2008-2009 წლების დონეს მიაღწია. ასევე, საბინაო სესხების ღირებულებამ 2010-2011 წლების დონეს მიაღწია ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, შვეიცარიასა და რუმინეთში.

2012-2014 წლების განაკვეთებს დაუბრუნდა სერბეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, პორტუგალია, იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი, დანია, ნორვეგია, კვიპროსი და საფრანგეთი. იპოთეკური სესხების ღირებულება 2015 წლის დონემდე გაიზარდა ჩრდილოეთ მაკედონიაში, სლოვაკეთში, მონტენეგროსა და ირლანდიაში.

წლის დასაწყისიდან მაჩვენებლები ყველაზე მეტად უკრაინაში (3,9%-ით), რუსეთში (1,53%-ით) და კვიპროსში (1,4%-ით) გაიზარდა, ხოლო საპირისპიროდ, ანუ 0,02-0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა ბულგარეთში, მალტაში, პოლონეთსა და მოლდოვაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ